ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დაიწყება. ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლებმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადეს, სადაც პორტის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებმა შეაჯამეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები.
პირველ გემს ნავსადგური 2020 წელს მიიღებს, სწორედ ამ დროს დასრულდება ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობა.
პროქეტს "თიბისი ჯგუფი" და ამერიკული "კონტი ჯგუფი" ახორციელებენ. თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პირველი ფაზის მშენბელობისთვის პროექტში 540 მილიონი დოლარია საჭირო, საიდანაც 190 მილიონი უკვე მობილიზებულია, დანარჩენ თანხებზე კი ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ახლა მიდის ინტენსიური მოლაპარაკება 350 მილიონ დოლარზე, ბანკებთან. ეს ის ბანკებია, რომლებთანაც ჩვენი ჯგუფი უკვე 15 წელია თანამშრომლებს, ხშირ შემთხვევაში ისინი ჩვენი აქციონერები არიან: ჰოლანდიური ევროპის განვითარების ბანკი, Opic და ა.შ.“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ის ასევე არ გამორიცხავს, რომ პორტის მშენებლობაში ახალი ინვესტორები შემოვიდნენ. მამუკა ხაზარაძის თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხზეც მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს მოლაპარაკება საკმაოდ მსხვილ ჩინურ კომანიებთან. ამ მოლაპარაკების შედეგებს უახლოეს ხანში შეგატყობინებთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამერიკული მონაწილეობა, ჩინური მონაწილეობა და ქართული მონაწილეობა ამ პროექტს შეკრავს, როგორც საინტერესო ადგილს არამარტო როგორც პორტისთვის, არამედ ბიზნესის საკეთებელ ადგილს",- აცხადებს ხაზარაძე.
პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ცხრავე ფაზის დასრულების შემდეგ 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.