Home
Category
TV Live Menu

ანასეულში ხილის გადამამუშავებელ საწარმოში $2 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა

57b577324a2b2
BM.GE
18.08.16 12:45
1050
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძესთან ერთად, ქალაქ ოზურგეთში ანასეულის ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. აღნიშნული საწარმო არასტანდარტული ხილის გადამუშავებას აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა რეალიზაციას ვერ უკეთებდა.

როგორც ბიზნესმენმა გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, ხილის გადამამუშავებელი საწარმო არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი თავისი მასშტაბითა და უმაღლესი ტექნოლოგიით. ხილის გადამუშავებით ხდება ახალი პროდუქტის, არყის სახელწოდებით “otka” მიღება, რომელიც არის ნატურალური, ბიოლოგიურად სუფთა და არანაირი ქიმიკატებით არ არის გაჟღენთილი.

გუბერნატორმა კომპანიის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.

"ანასეულის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში პროდუქტის მიღება ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობა სხვადასხვა სახის ხილს მთელი წლის განმავლობაში აბარებს. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ ფერმერებს ამ კუთხით შეფერხება არ ექნებათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საწარმოს ამუშავებისთვის სახელმწიფოს თანამონაწილეობითა და ინვესტორის მიერ დაახლოებით 2 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ აქვთ სურვილი კიდევ გაფართოების და ჩვენ ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

ანასეულში მდებარე ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა 2015 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. საწარმოში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day