ანტიდემპინგური კანონის მიღების შემდეგ, მისი აღსრულებისთვის კონკურენციის სააგენტო კადრებს ეძებს. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძემ განუცხადა. რაც შეეხება კანონპროექტის დეტალებს, ბარაბაძე ამ ეტაპზე ამის შესახებ არ საუბრობს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ დოკუმენტი პარლამენტშია გადაგზავნილი და მისი შინაარსი განხილვის საგანია.
"კანონპროექტის მიხედვით, აღმასრულებელი ორგანო კონკურენციის სააგენტო იქნება, დაწყებული გვაქვს ფიქრი საკადრო რესურსების მოძიების კუთხით. მოგეხსენებათ, კონკურენციის სფერო იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ ამ მხრივ კადრების მოძიება პრობლემატურია“, - აღნიშნა ბარაბაძემ.
ანტიდემპინგურ კანონზე მთავრობა თითქმის ორი წელია მუშაობს და მისი განხილვა საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა. კანონპროექტის მიხედვით, საქონლის დემპინგური იმპორტისას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელსაც კონკურენციის სააგენტო განახორციელებს.