„არ მეგულება ამ სფეროში ჩართული ადამიანი, რომელსაც „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტა არ ეწყინა“ აგროტურიზმის განვითარების სპეციალისტი ვერიკო ხომერიკი „ქალების ნარატივში“
პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას?
-ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სფეროში ჩართული ადამიანებისთვის ქვეყანაში ასეთი კანონის არსებობა, რომელიც დარგს დაარეგულირებდა და ხელს შეუწყობდა მის განვითარებას. ნაკლებად მოვისმინე იმის დასაბუთება, თუ რატომ შეწყდა მისი განხილვა. აღვნიშნავ, რომ გარდა იმისა, რომ ამაში დიდი შრომა ჩადო საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, კანონპროექტის არსებობა მნიშვნელოვანი იყო ამ სფეროში ჩართული სხვადასხვა პირებისთვის. პირველ რიგში, თვითონ აგროტურისტული სუბიექტებისთვის და ბიზნესოპერატორებისთვის ეს იქნებოდა გარკვეული ნდობის საფუძველი. კლიენტებისგან, სტუმრებისგან, დამსვენებლებისგან ნდობას დაიმსახურებდნენ, რომ ისინი რეგისტირერებული იქნებოდნენ, როგორც აგროტურისტული ობიექტი. გარდა ამისა, პრობლემები იქმენებოდა აგროტურისტული ობიექტების სწორად განსაზღვრს თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში კარგად არის ასახული საერთაშორისო გამოცდილებაც.
მე სხვადასხვა აზრებსაც მოვუსმინე, რომ ეს არის უფრო ტურიზმი, ვიდრე აგრობიზნესი. რა თქმა უნდა, არის ტურიზმის ელემენტები ამ ყველაფერში, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ეს უფრო მეტად არის აგრობიზნესი, ვიდრე ტურიზმის სფერო. თუნდაც, თუ შევხედავთ ამას ბიზნესის გადმოსახედიდან, ჩემთვის პირადად, აგროტურიზმი არის დამხმარე საქმიანობა აგრობიზნესისთვის და ეს აისახება დამატებით შემოსავალში. ვერ იქნება მოგებული ის ბიზნესოპერატორი, რომელსაც არ აქვს კარგად კომბინირებული და განვითარებული აგრარული მეურნეობა და ამაზე არ აქვს მიბმული ტურისტული საქმიანობა.
-ნიშნავს თუ არა კანონპროექტის შეჩერება იმას, რომ პარლამენტმა უარი სოფლად სიღარიბის დაძლევაზე თქვა?
-ნამდვილად იყო ამ კანონპროექტის მიზანი ის, რომ სოფლად სიღარიბე შემცირებულიყო და ამაშიც თავისი წვლილი შეეტანა აგროტურიზმის განვითარებას, ეს კარგად ჩანს თვითონ კანონპროექტში და მის განმარტებებშიც. ეს ნამდვილად შეიტანდა წვლილს ყველა მიმართულებით. მე გესაუბრეთ ფინანსური ინსტიტუტების გადმოსახედიდან. ასევე, მომიწია მუშაობა ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული. მისი პირდაპირი მიზანი არის სოფლის და იქ სხვადასხვა აქტივობების განვითარება. ამ კანონპროექტით გრანტების მიღების კუთხითაც მეტად გაიხსნებოდა გზა.
-ამას დღეს რამე დაგიკომპენსირებთ? თუ გქონიათ რაიმე სახის შეხვედრები?
-მე პირადად არ ვყოფილვარ სამუშაო ჯგუფის წევრი, თუმცა ამ სფეროში ჩართულ ადამიანებთან გვქონია განხილვა. რაც შეეხება დაკომპენსირების გზას, მოვისმინეთ ის განმარტებებიც, რომ ეს იქნებოდა ასახული ტურიზმის შესახებ კანონში, თუმცა მე პირადად არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცედურა, რამდენად იქნება ეს ასახული ისე, როგორც არის აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტში და მოგცემს თუ არა საშუალებას რომ ზუსტად იმ მიმართულებით წავიდეს და შეიტანოს წვლილი თუნდაც სოფლის განვითარებაში.
-ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია აგრობიზნესისთვის მსგავსი შეხვედრები?
-რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე არ მეგულება ამ სფეროში ჩართული ადამიანი, რომელსაც ამ მიმართულებით უმუშავია და პარლამენტის ეს გადაწყვეტილება არ ეწყინა.
-საქართველო და აგროტურიზმი - რა მდგომარეობაა განვითარების კუთხით?
-როდესაც ENPARD-ისპროექტში ვიყავი პირადად ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია Cenn-თან ერთად, მაშინ ჩვენი პროექტი იყო ქედის მუნიციპალიტეტში. თითქმის ყველა სოფელში ვიყავით პირადად, გავეცანით, თუ არსებობდა ასეთი ტიპის აგროტურისტული ობიექტები, მეურნეობები. მათ ნამდვილად სჭირდებათ ამ მიმართულებით დახმარება. შესაძლებელია მხოლოდ ერთეული მეურნეობების და სუბიექტები პოვნა, რომელთაც გამართული აქვთ ინფრასტრუქტურა. თუმცა, საქართველოში, ერთეული ტურისტული მეურნეობის გამართვა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მდგრადი იქნება. ამას თუ არ მიება სხვა ინფრასტრუქტურა, იქ ჩასულ სტუმარს ღამის გასათევის და აგრარული მეურნეობის ნახვის გარდა, სხვა დამატებითი ინფრასტრუქტურა და გართობის საშუალებები თუ არ დახვდება, მაშინ რთული იქნება, დარგის განვითარება.
-ამაზეა დამოკიდებული აგროტურიზმის განვითარება და წარმატება?
-კომპლექსურია. თუნდაც სოფელში რომ ჩადის ადამიანი, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებების დათვალიერებისა, დასჭირდება მაგალითად, ისე მოწყობილი ბილიკები, რომ ბუნებაში გასვლა და მისი დათვალიერება შეძლოს.
ასევე, აგროტურისტულ მეურნეობებს აქვთ ე.წ შუქურის ეფექტი, რომელის მიხედვითაც, როცა ერთი კარგი პროექტი და მეურნეობა განვითარდება, ეს სხვა მოსახლეობაზეც ახდენს გავლენას. შეიძლება ვინმემ კაფე გააკეთოს და სხვადასხვა სერვისები შესთავაზოს.
-რამდენად მნიშვნელოვანი აგროტურიზმის განვითარება და პირველ რიგში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან?
-ეს მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, კანონპროექტი კარგად უსვამდა ხაზს იმას, რომ ბიზნესოპერატორი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც უსაფრთხოების, ასევე სურსათის უვნებლობის სტარნდარტებსაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სერვისის მომხმარებლები ხშირად არიან ბავშვიანი ოჯახები, რომელთათვისაც აღნიშნული საკითხები მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვების, თუ უსაფრთხო გარემოს თვალსაზრისით, იგულისხმება, ცხოველებთან ურთიერთობა, ეზოში თამაში და ა.შ. ვფიქრობდით, რომ ამ ყველაფერს ეს კანონპროექტი მოაწესრიგებდა.
-გერმანიაში სწავლის გათვალისწინებით, რა მთავარი გამოცდილება ჩამოიტანეთ საქართველოში?
-2008 წელს წავედი. 5 თვე მქონდა პრაქტიკული სემესტრი, რომელიც ზუსტად ასეთი ტიპის კარგად გამართულ მეურნეობაში გავატარე, რომელიც აქტიური იყო სტუმრების მიღების თვალსაზრისით. შემდეგ სწავლა უშუალოდ უნივერსიტეტში გავაგრძელე. იყო ბიზნესადმინისტრირების კურსი, მაგრამკონკრეტულად სოფლის მეურნეობასა და აგრობიზნესთან დაკავშირებული. ვფიქრობ, ამან დიდი გამოცდილება მომცა.
-გადატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, დროის მენეჯმენტს როგორ ახერხებთ?
-თავიდანვე ასე შევეჩვიე, რომ ოჯახთან ერთად, ჩემთვის აუცილებელი იყო საქმიანობა, ამ კუთხით განვითარება. არ არის მარტივი, მით უმეტეს, როცა 3 შვილი გყავს. თუმცა, ვახერხებ.
-მომავალში სად ხედავ თავს?
-ისევ აგრობიზნესში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, ქვეყანაში კიდევ ბევრი საინტერესო გამოწვევაა. ამჟამად დასაქმებული ვარ საერთაშორისო პროექტში ისევ აგრობიზნესის განვითარებისთვის და ვფიქრობ რომ სამომავლოდაც, ამ მიმართულებით გავაგრძელებ.
სტუმარი: ვერიკო ხომერიკი - აგროტურიზმის განვითარების სპეციალისტი