საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, არაჰეჯირებულ მსესხებლებზე დოლარში სესხის გაცემის შეზღუდვაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"ეს არ არის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ მას შეიძლება ჰქონდეს თანმდევი მოვლენები. ამიტომ კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, რა შეიძლება ამას შედეგად მოჰყვეს. არ დაგიმალავთ ამაზე მუშაობა ჯერ ისევ მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გარკვეული კატეგორიის და მოცულობის სესხების უცხოურ ვალუტაში შესაძლო შეზღუდვაზე რამდენიმე თვის წინ „რეზონანსთან“ ინტერვიუშიც ისაუბრა. მაშინ კობა გვენეტაძე სავალუტო ფონდის რეკომენდაციაზეც აკეთებდა აქცენტს, მაგრამ იმასაც აღნიშნავდა, რომ მსგავსი რეგულაციის შემოღებას შესაძლოა, სხვა პრობლემები მოჰყვეს, მაგალითად, მსესხებლებმა მიმართონ არასაბანკო ორგანიზაციებს და ა.შ.
"ჩვენსავე ინტერესშია, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც სესხების მოცულობის ზრდას კვალს არ დაამჩნევს, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს", - აცხადებდა გვენეტაძე.
არაჰეჯირებულ მსესხებლებზე უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვაზე მუშაობა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბარში ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც დაადასტურა.
მისი თქმით, მთავრობა, ეროვნული ბანკი და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ამ საკითხზე ერთად მუშაობენ.
"საბოლოო გადაწყვეტილებას მთელ ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად მივიღებთ და პასუხისმგებლობას ყველანი გავიზიარებთ. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და უახლოეს მომავალში, ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს არის დედოლარიზაციის სტრატეგიის ნაწილი“, - განაცხადა მინისტრმა.
„ბიზნესკონტრაქტის“ კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა რისკებისგან დაუცველმა მსესხებელმა, რომელსაც კომერციული ბანკები სესხს არ მისცემენ, არასაბანკო ორგანიზაციას მიმართოს, ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ მსგავსი მოლოდინი არ აქვს.
"ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები ამ მიმართულებით, თუმცა დღეის მდგომარეობით ყველა ის მონაცემი, რაც გვაქვს და ყველა ის კვლევა, რაც ჩატარებული გვაქვს, მხოლოდ და მხოლოდ დადებით ზეგავლენას იქონიებს როგორც მსესხებლებზე ისე თვითონ შედეგზე“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ბიზნესკონტრაქტისთვის“ უცნობია რა კვლევას გულისხმობდა ვიცე-პრემიერი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ უფრო კონკრეტულად ამ თემაზე, ჯერჯერობით, არც ეროვნულ ბანკში საუბრობენ.
ცნობისთვის: სავალუტო რისკებისგან ყველაზე ნაკლებად დაცულ მსესხებლებად ითვლებიან ფიზიკური პირები, რომლებსაც შემოსავალი ძირითადად აქვთ ლარში, კრედიტები კი დოლარში. სამომხმარებლო სესხების სტატისტიკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ასეთი სესხები ძირითადად ლარშია გაცემული ანუ რისკი ნაკლებია. რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, რომელიც გრძელვადიანია და ცალკეული მსესხებლებისთვის სავალუტო რყევების პირობებში მძიმე ტვირთად შეიძლება იქცეს, უფრო დოლარშია გაცემული. სებ-ის ინფორმაციით, სექტემბრის მონაცემებით, ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული იყო 3 მლრდ 694 მლნ ლარის სესხი. ეროვნული ვალუტით კი - 821 მლნ 720 ათასი ლარის მოცულობის სესხი.