"მეფრინველეობის ასოციაციის" ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ადგილობრივ მარცვლეულს იმპორტირებულად ასაღებენ და მეფირნველეობის ქარხნებს დღგ-ს დოკუმენტაციით აწვდიან. ამის შესახებ უჩუმბეგაშვილმა „საქმის კურსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე მეფრინველეობის საწარმოების 80%-ს შემოსავლების სამსახურთან სასამართლო დავები აქვს.
"არაკეთილსინდისიერი მეწარმეებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი თაღლითი მეწარმე ქართულ მარცვლეულს გვაწვდის როგორც იმპორტირებულს და გვაწვდის დღგ-ს საბუთს. აქედან გამომდინარე მეფრინველეობის ქარხნების 80% ვართ სასამართლო დავაში შემოსავლების სამსახურთან. იმის გამო, რომ მოგვიტანა არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ პროდუქტი, გვითხრა, რომ ეს იყო იმპორტირებული, შეადგინა სათანადო საბუთები და აღმოჩნდა ადგილობრივი. იმის მაგივრად, წარმოების განვითარებაზე ვიზრუნოთ, დავებში ვართ ჩართული",- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
მისივე თქმით, მეფრინველეობის სფეროს დღგ-სგან გათავისუფლებას დიდი ხანია სექტორი ელოდება და ხელისუფლებისგან დაპირებებსაც იღებს, თუმცა, ამ დრომდე შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგმულა.
"ვფიქრობ, მთავარი ბარიერი არის ის თანხა, რომელიც ჩვენი დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევაში მოაკლდება ბიუჯეტს მოკლევადიან პერსპექტივაში. უხეში დათვლით ეს იქნება 15 მილიონამდე. თუმცა, 3-4 წელიწადში 2-ჯერ მეტი შევა ბიუჯეტში, რადგანაც დაიწყება ახალი პროექტები მეფრინველეობის მიმართულებით, მაცვლოვანი კულტურების წარმოების მიმართულებით და ა.შ.
ყველაფერი, რაც მეფრინველეობასთან არის დაკავშირებული დღეს არის გაჩერებული, რადგან ჩვენთვისაც რთულია განვითარება მაშინ, როდესაც არანაირი სარგებელი არ გვაქვს",- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.