„მე უნდა აღმოვფხვრა ყველა შესაძლო ხარვეზი, რაც კორუფციის წყარო შეიძლება იყოს“, - განაცხადა ქართულ Forbes-თან ინტერვიუში უკრაინის პრემიერმა ვოლოდიმირ გროისმანმა განაცხადა. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ სამართალდამცველ სტრუქტურებში, სასამართლოში, ნებართვების გაცემის სამსახურებსა და სახელმწიფო სერვისებში კვლავ რჩება კორიფციის პრობლემა.
„2008 წელს ზუსტად ისეთი იუსტიციის სახლები შევქმენი, როგორიც თქვენ გაქვთ, რომლებიც სრულიად გამჭვირვალე მომსახურებას უზრუნველყოფდა და ის დღემდე ასე ემსახურება ადამიანებს, ქორწინების ხელმოწერით დაწყებული, ავტომობილების გაფორმებით დამთავრებული. მათ შორის პენსიების გაფორმების, ბიზნესების რეგისტრაციის სამსახურები ვინიცაში უკვე ცხრა წელია, მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძველ სისტემაშიც შესაძლებელი იყო გამოსავლის მოძებნა. საქართველოში ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი გაკეთდა. მთელი აზრი იმაშია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, კორუფციას უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ ახლა გვჭირდება მესამე ელემენტი. პირველი ელემენტი კანონმდებლობაა, მეორე - ანტიკორუფციული უწყებები და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლიანი სასამართლო სისტემა. მე უნდა აღმოვფხვრა ყველა შესაძლო ხარვეზი, რაც კორუფციის წყარო შეიძლება იყოს. მე ერთს არ შემიძლია ამის გაკეთება, ამისთვის პარლამენტის, პრეზიდენტის, უმრავლესობისა და სხვა ფრაქციების, რომლებსაც მომავლის სჯერათ, კონსოლიდირებული პოზიცია უნდა იყოს. არ არის მარტივი ერთობლივად მუშაობა, მაგრამ ვახერხებთ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას. მაგალითად, წინა პრემიერის დროს ძალიან ბევრი გაკეთდა. მართალია, უკრაინაში ასეთი ტრადიცია იყო, რომ წინამორბედის მისამართით რაც შეიძლება მეტი ტალახი უნდა გესროლა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს უნდა დავივიწყოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ყველა უშვებს შეცდომებს, იაცენიუკს თავისი შეცდომები ჰქონდა, მე ჩემი შეცდომები მექნება. ის ძალიან ბევრ არაპოპულარულ გადაწყვეტილებას იღებდა, რამაც სიტუაციის სტაბილიზაციის შესაძლებლობა მისცა.
მეც არაპოპულარულ დროს მომიწია პრემიერობა და მეც მიწევს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა მე მომიწია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიღება. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. ეს ჩვენი გუნდური მუშაობის დამსახურებაა“, - ამბობს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.