საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.
გამოცემა Bloomberg წერს, რომ 2016 წლის არჩევნებში დომინანტური თემა ეკონომიკური საკითხები იყო. გამოცემა აქცენტს აკეთებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმებაზე და ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ბლუმბერგის შეფასებით, ეს არჩევნები უდიდესი ტესტია მმართველი პარტიის -- ქართული ოცნებისთვის. ბოლო ერთი წლის მთავარ გამოწვევად დასახელებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურება -- ბლუმბერგის მიხედვით, თებერვალში ლარი რეკორდულად დაეცა, როცა დოლარი 2,5 ლარი ღირდა, 2015 წელს კი 21%-ით გაუფასურდა. ბლუმბერგი წერს, რომ ეროვნული ვალუტა მას შემდეგ მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა წინასაარჩევნო მარათონის ზეწოლამ ისევ რყევები გამოიწვია, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები განახორციელა. სწორედ ლარის კურსია, ბლუმბერგის შეფასებით, ერთ-ერთი ის მთავარი მიზეზი, რის გამოც წინასაარჩევნო დღის წესრიგი ეკონომიკამ განსაზღვრა.
სხვა გამოცემების მსგავსად Bloomberg-იც „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს.
არჩევნები, როგორც სტაბილურობის ტესტი ეკონომიკური პრობლემების ფონზე - ამ სათაურით აშუქებს საპარლამენტო არჩევნებს როიტერსი. გამოცემა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი პრო-რუსი სეპარატისტების კონტროლს ექვემდებარება -- 2008 წლის მოკლე ომის შემდეგ რუსეთთან, - ეკონომიკა შენელებულია, რაც ცხოვრების სტანდარტს აუარესებს.
როიტერსი ეყრდნობა საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ქართული ოცნება გაიმარჯვებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კვლევები ასევე ამომრჩევლის ძლიერ მხარდაჭერას აჩვენებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ. გამოცემის შეფასებით, ორივე - მთავრობაც და ნაციონალური მოძრაობაც - საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მომხრეა, რასაც მკვეთრად ეწინააღმდეგება მოსკოვი. „ქართული ოცნება რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების მომხრეა“. როიტერსი ხაზს უსვამს ასევე იმ ფაქტს, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი პრობლემები უკავშირდებოდა გივი თარგმაძის და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებს. პრო-რუსული და პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებიდან, გამოცემ გამოყოფს თავისუფალ დემოკრატებს და პატრიოტთა ალიანსს -- როიტერი, ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, წერს, რომ სხვა პარტიებიდან, სწორედ ამ პოლიტიკურ ძალებს აქვთ ყველაზე მეტი შანსი გადალახონ 5%-იანი ბარიერი. ამასთან სტატიაში საუბარია ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებზე, ასევე იმაზე რომ ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ საქართველოს მთავრობა შერჩევითი სამართლის გამოყენებისთვის გააკრიტიკა.
„საქართველოს ბევრი მოქალაქე მთავრობას აკრიტიკებს სუსტი ეკონომიკის გამო, რომელიც ექსპორტის და გადმორიცხვების შემცირების ფონზე, ამ წლის პირველი რვა თვის განმავლობაში მაინც 2.7%-ით გაიზარდა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა Foreing Policy NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის ლუის ნავაროს ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობა, ასევე პრაქტიკულად ყველა ის მთავარი მოთამაშე, ვინც მონაწილეობას იღებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ლუის ნავარო წერს, რომ ამ არჩევნების მთავარი ირონია ის არის, რომ არცერთი მთავარი ლიდერი - არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი - თავიანთ პარტიებში ფორმალურ როლს არ ფლობს, თუმცა დიდ როლს თამაშობს ამ არჩევნებში ამ ძალების წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. ნავაროს შეფასებით, ამ არჩევნების ბედს გადაწყვეტს ის, თუ როგორ შეაფასებენ ამომრჩევლები საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას მაშინ, როცა 2012 წელს უკეთესი ცხოვრების მოლოდინები იყო ძალიან მაღალი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას 2016 წელს საუკეთესო წელს დაპირდა. ლუის ნავაროს შეფასებით, ბოლო რამდენიმე თვის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ აუცილებელი გახდება კოალიციის შექმნა იმისთვის, რომ უმრავლესობა რომელიმე პარტიამ მოიპოვოს, რაც ქართული პოლიტიკისთვის უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.