საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის შეფასებით, საქართველომ შოკზე სწორი რეაგირება განახორციელა, რაც დღეს უკვე ჩანს და მომავალში უფრო მეტად გამოჩნდება.
ამის შესახებ მესტვირიშვილმა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
"2015 წელი იყო ძალიან რთული მსოფლიო ეკონომიკისთვის; განსაკუთრებით რეგიონისთვის, რაც საქართველოზეც ახდენდა გავლენას. იყო გაცვლითი კურსის გაუფასურება, რამაც გამოიწვია ინფლაციური მოლოდინების ზრდა, მაგრამ ჩვენი აზრით, სებ-ის მხრიდან რეაგირება იყო დროული და წლის ბოლოსთვის ინფლაციის მაჩვენებელი იყო 4.9 პროცენტი, რაც ძალიან ახლოს იყო მიზნობრივ დონესთან", - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვას რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა და მათ შორის მხოლოდ ერთი იყო საპარლამენტო ოპოზიციიდან - დავით ონოფრიშვილი.
განსხვავებით წინა წლისგან, დეპუტატებს კრიტიკული კითხვები ფაქტობრივად, არ ჰქონიათ და განხილვამ მშვიდ ვითარებაშო ჩაიარა.
სხდომას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე უძღვებოდა. კომიტეტმა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას უყარა კენჭი.
"ანგარიში პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი და შეფასებებიც იქ გაკეთდება", - აღნიშნა ებანოიძემ.