სომხური მედია საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ადგილობრივი ანალიტიკოსების პოზიციებს ავრცელებს. გამოცემა „არმენია ნიუსმა" ეკონომისტი აშოტ ეგიაზარიანი ჩაწერა. იგი მიიჩნევს, რომ სომხეთი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით ბუნებრივ აირს იღებს, დაზარალდება.
"სომხეთისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუ საქართველო ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობებს ირანიდან, სომხეთის ტერიტორიის გავლით შეიძენდა, რადგან ჩვენ გაზის სექტორში მანევრირებისთვის გარკვეულ შესაძლებლობას მივიღებდით. ახლა კი სომხეთი ისევ დაზარალებულის როლშია, რადგან აქ გაზის ტრანსპორტირების სისტემას კვლავ გაზპრომი აკონტროლებს და ამ დროს, სომხურმა მხარემ გასაგები პოზიციაც კი არ დააფიქსირა აღნიშნულ საკითხზე. სომხეთს არ გვაქვს დამოუკიდებლობა ამ საკითხზე სამუშაოდ, რადგან მისი სახელით მოლაპარაკებებს „გაზპრომი“ წარმართავს და შესაბამისად, სომხეთი "გაზპრომის“ ინტერესებს წარმოადგენს", - განაცხადა ეგიაზარიანმა და დასძინა, რომ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებების შედეგად დაზარალებული კვლავ სომხეთია".
შეგახსენებთ, რომ "გაზპრომ-ექსპორტთან“ ხელშეკრულება იმ პირობით, რა პირობითაც სარგებელს სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირიდან საქართველო 2016 წლის ბოლომდე იღებდა, ანუ ტრანზიტის 10%-ს ნატურის სახით, 15 წლის წინ გაფორმდა და რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, პირობები არ იცვლებოდა. ურთიერთობის ამ ფორმის გადახედვის მოთხოვნა კი მწვავედ გასული წლის ზამთარში დადგა.