აშშ-ის მთავრობის დავალიანების ოდენობამ მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მონაცემებით, ისტორიულ ნიშნულს - 20,162 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ყოველწლიურ ანგარიშს ვალის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს სახელმწიფო ვალი 19,9 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში აშშ-ის სახელმწიფო ვალი 19,84 ტრილიონი აშშ დოლარი იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ტეხასსა და ფლორიდას ორი ქარიშხალი - ’’ჰარვი“ და ’’ირმა“ დაატყდა თავს, გასულ კვირას ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კონგრესს სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის გაზრდისკენ მოუწოდა, რათა დაზარალებულებს გაეწიოს დახმარება.
გასულ წელს აშშ-ის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 106 %-ს უდრიდა. ამჟამად კი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ვალი 20,16 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ზე (19,3 ტრილიონი აშშ დოლარი) მეტია.