Home
Category
TV Live Menu

აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის "დაპაუზებული" მოლაპარაკებები

578e193757cb8
თელარა გელანტია
19.07.16 16:10
1178
"ამჯერად არ მიდის კონკრეტულად საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით", - ეს განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ 15 ივნისს, "ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში გააკეთა.
 
"ჩვენ აშშ-თან ვაჭრობის სხვადასხვა სფეროებზე ექსპერტულ დონეზე გვაქვს დიალოგი და ამჯერად არ მიდის კონკრეტულად საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არანაირ მოლაპარაკებებს დღეს არ ვაწარმოებთ ამერიკასთან თავისუფლაი ვაჭრობის გაფორმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საუბარი დაიწყო 2012 წლის დასაწყისში, როცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას შეხვდა. "ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ ამ მხრივ, აქტიურობა ნაკლები იყო. 2015 წლის დასაწყისში კი, როცა „ბიზნესკონტრაქტი“ ამ თემით დაინტერესდა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მაშინ ამერიკული მხრიდან არ ყოფილა იმ დონის მზაობა, რომ მოლაპარაკებები მაშინვე დაწყებულიყო. უფრო თამამი იყო თავის განცხადებებში მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საკითხის ინტენსიფიკაცია სწორედ მოქმედი მთავრობის პერიოდში მოხდა. ღარიბაშვილმა მაშინ ისიც აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება არაკორექტულად მოიქცა, როცა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყო საუბარი, რითაც უხერხულობა შეუქმნა ამერიკულ მხარეს.

საინტერესოა, რას გულისხმობდა ექს-პრემიერი საკითხის ინტენსიფიკაციაში, როცა უკვე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კონკრეტულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, საუბარი არ მიდის.

ფაქტია ისიც, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფიც კი არ შეუქმნია "ოცნების“ მთავრობას ამ საკითხზე და მხოლოდ ოფიციალურ გამოსვლებში თუ დოკუმენტებში რამდენიმე სიტყვიანი ჩანაწერით შემოიფარგლებოდნენ. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამეტში 2015 წლის ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას თქვა, რომ „საქართველო ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებაზე აქტიურად მუშაობს“. ამ თემაზე ერთი ზოგადი წინადადება წერია 2017-2020 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა. კერძოდ, იქაც წერია, რომ „გააქტიურდება მოლაპარაკებები აშშ-თან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე“.

ვის უნდა ეაქტიურა საკითხის რეალურად ინტენსიფიკაციისთვის და ნიშნავს თუ არა პასიურობა იმას, რომ მოქმედი მთავრობისთვის ეს თემა ნაკლებად პრიორიტეტულია თუ აშშ-ის ინტერესიც ნაკლები იყო? ამ კითხვებით "ბიზნესკონტრაქტმა" ეკონომისტ გიორგი ღაღანიძეს მიმართა, რომლის შეფასებით, აშშ თავისუფალ ვაჭრობას უყურებს, როგორც კონკრეტულ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის გარკვეულ დადასტურებას. ღაღანიძე ამბობს, რომ რადგან ჩვენს რეგიონში ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არავისთან აქვს, სჯობს, პროცესის დასაჩქარებლად მეტი ვიაქტიუროთ.

"პირველ რიგში, უნდა ეაქტიურა საქართველოს მთავრობას. უპირველესად ჩვენს ინტერესში შედის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა. რამდენად იყო შესაძლებლობა რომ ამ აქტიურობას მოეტანა უკეთესი შედეგი?! რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენ გვექნებოდა თავისუფალი ვაჭრობა აშშ-თან, მაგრამ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ სანამ გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თუნდაც ექსპერტული შეხვედრები იმაზე, თუ რას შეეხება ეს შეთანხმება, რომელი საქონელი მოხვდება ამოღების ჯგუფში და ა.შ., ეს ნაბიჯები უკვე გადადგმული იქნებოდა. ანუ უფრო ახლო იქნებოდა ჩვენთვის აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება“, - განაცხადა ღაღანიძემ.

ამ თემაზე საინტერესო პოზიცია აქვს თეთრი სახლის გლობალური ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელ ბრეტ ბრუენს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ იმ სემინარს ესწრებოდა, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის აშშ-ის ბაზარზე გასვლის პერსპექტივებს ეხებოდა. ბრეტ ბრუენის შეფასებით, „აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად ამ მომენტისთვის რთული პოლიტიკური სიტუაციაა".

"თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის ამ მომენტისთვის საკმაოდ რთული პოლიტიკური სიტუაციაა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები გამოჩნდნენ ამერიკის ბაზარზე დამოუკიდებლად და ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება იმ გზავნილის კომუნიკაცია, რომ თავისუფალი ვაჭრობა საქართველოსთან უნდა დაჩქარდეს და პროგრესია მისაღწევი ამ მიმართულებით. ეს ხელშეკრულება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, მაგრამ ამავდროულად ამერიკისთვისაც, რადგან არც ამერიკული კომპანიები არიან დიდი დოზით წარმოდგენილები ამ რეგიონში და საქართველო ამის დიდ შესაძლებლობებს იძლევა“, - განაცხადა ბრუენმა.

ექნება თუ არა საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა და რეალურად გააქტიურდება თუ არა მოლაპარაკებები ამ თემაზე, ეს დროში გამოჩნდება. საქართველო-აშშ-ს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები კი რიცხვებში ასე გამოიყურება: 2011 წელს აშშ-დან 245,8 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი იქნა იმპორტირებული, 2012 წელს იმპორტმა 213,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს - 254,2 მლნ, 2014 წელს - 287,1 მლნ, ხოლო 2015 წელს ამერიკიდან იმპორტმა 252,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, ბოლო ხუთ წლის დინამიკას თუ შევხედავთ, ყველაზე მეტი - 226 მლნ ამერიკული დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია აშშ-ში 2012 წელს იქნა ექსპორტირებული. ყველაზე ცოტა კი - 2015 წელს, როცა ამერიკაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 104 მლნ დოლარი. 2011 წელს ეს მაჩვენებელი იყო 143,4 მლნ დოლარი, 2013 წელს - 137,5 მლნ, 2014 წელს კი - 287,1 მლნ დოლარი.


საქსტატმა დღეს საგარეო სავაჭრო ბრუნვის იანვარ-ივნისის სტატისტიკაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 6 თვეში აშშ-დან იმპორტირებულია დაახლოებით 99 მლნ დოლარის საქონელი, ხოლო საქართველოდან ექსპორტმა 37 მლნ დოლარი შეადგინა, რითაც აშშ-ს საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეცხრე ადგილი უკავია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2015 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით, აშშ-ში ქართული პორდუქციის ექსპორტი 20 მლნ დოლარითაა შემცირებული. წამყვანი საექსპორტო ხუთეული კი ასე გამოიყურება: მოწინავე ადგილზეა ფეროშენადნობების ექსპორტი 34 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის ხილისა და ბოსტნეულის წვენები, მინერალური და მტკნარი წყლები, ღვინო და წყლები მინერალურის და გაზიანის ჩათვლით.

Subscribe to our news

Get the main news of the day