კომპანია "ასკანელი ძმების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე ქართულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზის შემცირებას ითხოვს. მისი თქმით, სახელმწიფომ ადგილობრივი წარმოებას ხელი უნდა შეუწყოს და იმპორტირებულ დაბალი ხარისხის და საქართველოში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ერთი და იგივე აქციზის გადასახადი არ უნდა ჰქონდეს.
"აი, მაგალითად, თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი ღვინო თურქეთში არ შედის. თურქეთის სახელმწიფო უფრთხილდება ადგილობრივ წარმოებას და შეტანილ ღვინოზე არის მაღალი აქციზი და მაღალი გადასახადი. ვფიქრობ, ეს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. პატარა სხვაობა მაინც უნდა იყოს გადასახადებს შორის",- აცხადებს გოჩა ჩხაიძე.
მისივე თქმით, მაგალითად მათი ბრენდის "ანასეული ოტკას" ფასი 22-დან 24-ლარამდე მერყეობს და აქედან 4,6 ლარი აქციზის გადასახადია. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამას დღგ-ს თანხაც ემატება და მხოლოდ გადასახადების ხარჯი 7-8 ლარამდე ადის. გოჩა ჩხაიძის თქმით, კომპანიას ბაზარზე კონკურენტული ფასებით ოპერირება სურს, ამიტომ ფასს არ ზრდის, თუმცა, ბევრად მაღალი ხარჯი აქვს, ვიდრე იმპორტირებულ დაბალხარისხიან პროდუქციას.