სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.
2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აპარატის ბალანსზე რიცხულმა დებიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 20 192 ლარი. აქედან 2 666 ლარი წარმოადგენს წინა წლებში წარმოშობილ დებიტორულ დავალიანებებს. მათ შორის: 1 614 ლარი - მოთხოვნები მივლინებით ქვეყნის გარეთ (2004 წ.), 1 039 ლარი - მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით (2004 წ.) და 13 ლარი -სხვა დანარჩენი მოკლევადიანი მოთხოვნები (2006 წ.).
აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აპარატის მიერ არ არის გატარებული შესაბამისი ღონისძიებები (გარდა დებიტორების მისამართზე თანხის დაფარვის შესახებ წერილების გაგზავნისა) მივლინებასთან დაკავშირებულ დებიტორული დავალიანებების ამოსაღებად.
ამასთან აუდიტი აღნიშნავს, რომ აპარატში არასრულყოფილად ხორციელდება არაფინანსური აქტივების დაცულობაზე კონტროლი. კერძოდ, თანამშრომლებზე აქტივების დროებით სარგებლობაში გადაცემისას, მათთან არ ფორმდება ხელშეკრულებები სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ, რაც გათვალისწინებულია ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტით.
სამინისტროს 2016 წლის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა, საბიუჯეტო განაცხადის შესაბამისად, შეადგინა 110 000 000 ლარი, ხოლო საშტატო რიცხოვნობამ - 760 ერთეული.
საანგარიშო პერიოდისათვის თითოეულ თანამშრომელზე პრემიის მუხლით გაცემული სახსრების მოცულობა და გაცემული პრემიის რაოდენობა არ აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ზღვრებს.
სამინისტროს აპარატის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა აჭარბებს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს, თუმცა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N166 დადგენილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროზე არ გავრცელდა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და აპარატის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვრა 80 ერთეულით. ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობამ 2016 წლისათვის საშუალოდ შეადგინა 75 ერთეული. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ აღემატება აპარატის შტატით გათვალისწინებულ ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას.
სამინისტროს 2016 წელს ბალანსზე ერიცხება 38 სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე 2016 წლის განმავლობაში მოხმარებული საწვავის საკასო ხარჯი შეადგენს 109 010 ლარს (79 558 ლიტრი, მ.შ. ბენზინი - 73 563 ლიტრი, დიზელი - 5 995 ლიტრი). ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ბრძანებით განსაზღვრულია საწვავის ლიმიტი, რომელიც შესაბამისია საწვავის ხარჯთან. სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მახასიათებლები შესაბამისობაშია "სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესით“ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.