სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებლი კაპიტალური პროექტების 86% ინფრასტრუქტურის, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ ხორციელდება. აუდიტის დასკვნით, 2012-2015 წლებში კაპიტალური პროექტების განხორციელებისათვის დახარჯული სახსრების პროცენტული წილი წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების 10-12%-ის ფარგლებში მერყეობს. სულ აღნიშნულ პერიოდში კაპიტალური პროექტების განსახორციელებლად 3 მილიონ 980 ათასი ლარი დაიხარჯა. როგორც აუდტის სამსახურში განმარტავენ, ძრითადი ხარვეზები, რაც აუდიტის ჯგუფმა გამოავლინა კაპიტალური პროექტების აღრიცხვისა და მართვის პროცესს უკავშირდება. მათი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე და ასევე განმახორციელებელ უწყებებს არ გააჩნიათ პროექტების შერჩევის მეთოდოლოგია.
"ძირითადი პრობლემა არის კაპიტალური პროექტების მართვის პროცესის მოუწესრიგებლობა, რაც აისახება პროექტების დაგვიანებით დასრულებაში და დაგეგმილ ბიუჯეტზე მეტი სახსრების დხარჯვაში. არ ხდებოდა პროექტების წინასწარ შეფასება და ასევე ალტერნატივების შეფასება და რისკების გაანალიზება, რაც დონორების დაფინანსნებული პროექტების შემთხვევაში ხდება. დაგეგმვის პროცესი არის პრობლემა ქვეყნის დონეზე, რადგან არ არსებობს ქვეყნის დონეზე კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია", - აცხადებს აუდიტის სამსახურის უფროსი ანალიტიკოსი ანა მაზმიშვილი.
სამი უწყების შესწავლილი კაპიტალური პროექტების 75%-ის შემთხვევაში, დეტალური გეგმის ხარისხი აღმოჩნდა პროექტების გადავადებისა და ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. კიდევ ერთი მიგნება არის ის, რომ დასახელებული სამი უწყების მხრიდან არ მზადდება სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგის ამსახველი ანგარიშები. ასევე პროექტის დასრულების შემდეგ არ ხდება მიღწეული შედეგების შეფასება. აქედან გამომდინარე აუდიტის სამსახურმა უწყებებზე შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
"პირველი რეკომენდაცია ეხებოდა კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგიის შექმნას როგორც ქვეყნის, ისე სექტორულ დონეზე. გავეცით ასევე რეკომენდაცია მომზადდეს კაპიტალური პროექტების განხორციელების სახელმძღვანელო. ფინანსთა სამინისტრომ უკვე მოამზადა შესაბამისი მეთოდოლოგიის დოკუმენტი, თუმცა მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცედურების პრაქტიკაში დანერგვა", - აცხადებს ანა მაზმიშვილი.
კაპიტალური პროექტები საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და როგორც საბიუჯეტო ისე დონორი ორგანიზაციების გამოყოფილი ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი სწორედ კაპიტალური პროექტების დაფინანსებისკენაა მიმართული. 2015 წლის მონაცემებით, საბიუჯეტო რესურსით დაფინანსებული პროექტების წილი მთლიანი კაპიტალური ბიუჯეტის 43%-ს შეადგენს, რაც ნომინალურ გამოსახულებაში 466 მილიონ ლარს წარმოადგენს. 2012-2015 წლებში კაპიტალური პროექტების განხორციელებისათვის დახარჯული მთლიანი სახსრების პროცენტული წილი წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების 10-12%-ის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ნომინალურ მშპ-სთან კაპიტალური პროექტებისათვის გაწეული ხარჯების პროცენტულ მიმართებას, ისიც სტაბილურია და მშპ-ის 3-4%-ს უტოლდება. კაპიტალური პროექტებზე მიმართული სახსრების განაწილების მიხედვით, კაპტალური 2012-2015 წლებში ყველაზე დიდი მოცულობის რესურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოიყო.