ფინანსთა სამინისტრომ ავანსის დაბეგვრის საკითხზე ბიზნესს ახალი ინსტრუქცია წარუდგინა. მის დამტკიცებას უწება კერძო სექტორთან კონსულტაციების შემდგომ აპირებს, თუმცა ბიზნესს ინსტრუქციის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.
Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, ინსტრუქციაში წარმოდგენილია 4 პუნქტი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ავანსი დღგ-თი დაიბეგრება, თუმცა აღნიშნული პუნტების განსაზღვრა, პაპიაშვილის განცხადებით გაუგებრობას და გარკვეულ პრობლემებს შექმნის.
„იანვრის დეკლარაციის შევსებამდე 10 დღეა დარჩენილი და ვიგებთ რომ კანონმდებლობის გარდა ავანსის დღგ-თი დაბეგვრის საკითხს გარკვეული ნიუანსები ემატება. კარგი იქნებოდა ეს ადრე გაჟღერებულიყო.
საკამათო ხდება საკითხი - იბეგრება თუ არ იბეგრება კონკრეტული ავანსები, - თუკი არ იბეგრება ესეც საკამათოა, რადგან, ბევრი ბუღალტერი თავის დაზღვევის კუთხით გაყიდვას დაბეგრავს იმ შემთხვევაშიც თუ ის არ იბეგრება. შესაძლოა ამაზე საგადასახადომ მოსთხოვოს პასუხი, თუ რატომ დაბეგრა, - თუ ოპერაცია არ არის დასაბეგრი და ბუღალტერი მას დაბეგრავს ამით მეორე დღგ-ს ჩამთვლელი მხარე დაზარალდება.
ვიცოდით რომ ავანსების ჩარიცხვა იბეგრებოდა, ეხლა კიდევ ახალი პირობები შემოგვაქვს“, - ამბობს პაპიაშვილი და განმარტავს, რომ „გაუკეთებელი არაფერია“, თუმცა ბუღალტრებთან გარკვეულ შემთხვევებში ხელშეკრულება დაგვიანებით მიდის, რამაც ასევე შესაძლოა მისთვის გაურკვევლობა წარმოშვას. .
ამასთან როგორც პაპიაშვილი განმარტავს, აღნიშნულ 4 პუნქტს სამინისტრო ფინანსთა მინისტრის ბრძანებით აყალიბებს, თუმცა მისი განცხადებით, კანონმდებლობით მინისტრს ამის იურიდიული უფლება არ აქვს.
"მინისტრს არ აქვს უფლება, რომ კოდექსით ეს დაარეგულიროს. პრობლემაა ლეგიტიმურობის. პარლამენტში ალბათ სწრაფად ცვლილება ვერ მიაქვთ, ეს კი სწორი იურიდიული ფორმა არაა. ავანსებზე ფინანსთა მინისტრს ინსტრუქციის გამოცემის უფლება კანონით არ აქვს.
ზოგჯერ ფული ჩარიცხულია და ხელშეკრულება კომპანიებმდე არ მიდის, - დიდ კომპანიებში ხშირად არ ვიცით მაგალითად როდესაც ავანია ჩარიცხული მასზე რა ხელშეკრულებაა. ეს უბრალოდ გაუგებრობას გამოიწვევს.“, - ამბობს პაპიაშვილი.
"გაუგებარია ამდენი რამ როგორ უნდა გათვალოს კომპანიამ რომელსაც ერთი ბუღალტერი ემსახურება მხოლოდ და ისიც შესაძლოა არც თუ ისე დიდ ანაზღაურებას იღებს? ყველა კომპანიას იმდენი ფული აქვს რომ ბუღალტრების და იურისტების მთელი გუნდი დაიქირაოს?"
რაც შეეხება აღნიშნულ 4 პუნქტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინსტრუქციის სამუშაო ვერსიაში ვკითხულობთ:
1. საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა“) გადახდის შემთხვევაში, მიღებული საკომპენსაციო თანხა ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადახდილი საკომპენსაციო თანხა ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ საკომპენსაციო თანხის გადახდის მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) შესაძლებელია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების იდენტიფიცირება;
ბ) შესაძლებელია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების რაოდენობის/მოცულობის იდენტიფიცირება;
გ) შესაძლებელია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების ღირებულების იდენტიფიცირება;
დ) შესაძლებელია იდენტიფიცირება, მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
3. იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმდნენ საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის გადახდაზე და საკომპენსაციო თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდში გამოწერილია დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დღგ-ით დაბეგვრის დრო არის თანხის გადახდის მომენტი, მიუხედავად იმისა, სახეზეა თუ არა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობები.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაითვალოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
დამატებული ღირებულების გადასახადით ავანსის დაბეგვრის ინსტრუქციის სამუშაო ვერსიის გასაცნობად, ფინანსთა სამინისტრო ბიზნესთან შეხვედრებს განაგრძობს.