ავეჯისა და ტექნიკის ნივთების დაქირავების სერვისით საქართველოში ძირითადად კომპანიები სარგებლობენ, ფიზიკური პირების მხრიდან კი შედარებით დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება.
თითქმის ერთი წელია ქართულ ბაზარზე კომპანია Hippo.ge მომხმარებელს ნივთების დაქირავების სერვისს სთავაზობს. კლიენტს შეუძლია ნებისმიერი დროით ავეჯი თუ ტექნიკა იქირაოს.
როგორც „ბიზნესკონტრაქტთან“ კომპანიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ფერიაშვილი საუბრობს, დაქირავების სერვისზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა სეზონური კაფეების, რესტორნებისა და სასტუმროების მხრიდან. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დასვენების ობიექტებისთვის უფრო ხელსაყრელია ავეჯის დაქირავება, ვიდრე მისი ყიდვა და არასეზონზე დასაწყობება. სწორედ ამიტომ, ნიკოლოზ ფერიაშვილი ამბობს, რომ დიდი მოთხოვნაა გარე ავეჯზე და ტექნიკაზე ზამთარში გუდაურისა და ბაკურიანის ჰორეკას სექტორიდან, ზაფხულში კი ზაფხულის კურორტებიდან.
რაც შეეხება საცალო გაქირავებას, როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ძირითადად დაინტერესება უცხოელებისგანაა, რომლებიც დროებით ჩამოდიან საქართველოში საცხოვრებლად.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ბიზნესი არსებობს მსოფლიოში არის ის, რომ ეს სერვისი ადამიანს უფრო მობილურს ხდის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ქირით, დროებით იმყოფებიან სახლში და ხშრად უწევთ სახლის ვადაზე ადრე დატოვება. ვთქვათ, სახლში არ არის სარეცხი მანქანა ან სხვა საჭირო ავეჯი. ერთი მხრივ, ამ ყველაფრის შეძენა თანხებთან არის დაკავშირებული, მეორე მხრივ, შეიძლება ამ სახლიდან გადასვლის დროს შეძენილი ნივთი აღარ სჭირდებოდეს ადამიანს და მისი მოცილება პრობლემა ხდება. სწორედ ამიტომ, მას შეუძლია იქირაოს ავეჯი და შემდეგ სურვილისამებრ დააბრუნოს ნივთი“,- აცხადებს ნიკოლოზ ფერიაშვილი.