Home
Category
TV Live Menu

"ავერსს" IFC 15 მილიონი ევროს, ხოლო EBRD 5 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს

584ea301455c9
BM.GE
12.12.16 17:01
1048
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ხელს უწყობენ "ავერსი ფარმას", საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, გააფართოვოს მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.

IFC-ი "ავერსს" გამოუყოფს 13 მლნ. ევროს ოდენობის სესხს, რომელიც კომპანიის სამედიცინო დაწესებულებების ქსელის გაფართოებას და ქვეყნის მასშტაბით მოწინავე სამედიცინო მომსახურების გაწევას მოხმარდება. EBRD-ი „ავერსს“ 5 მლნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს კომპანიის განვითარებისთვის. აღნიშული სესხებით თბილისში მაღალი დონის ონკოლოგიური სერვისების განვითარება და თელავში ამბულატორიული კლინიკის მშენებლობა დაფინანსდება. ეს საფინანსო რესურსი ასევე გამოყენებული იქნება კლინიკებისთვის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. აღნიშნული მომსახურების დიდი ნაწილი იშვიათობას წარმოადგენს საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში.

“ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის," აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. მისივე თქმით: "ასეთი სამედიცინო მომსახურება ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას, ქვეყნის განვითარებას და სიღარიბის დაძლევას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენი კომპანია გეგმავს, საქართველოში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას.“

EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ აღნიშნა: „ჩვენ მოხარულნი ვართ „ავერსთან“ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებით. ეს პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. EBRD-ი ცდილობს საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკური განვითარების ყველა მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ასევე ნაწილია EBRD-ის სტრატეგიისა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებში ენერგოეფექტურობის, კონკურენტუნარიანობის, ინოვაციური პროდუქტების განვითარების და კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად."

როგორც სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა იან ვან ბილსენმა განაცხადა: "ავერსის" მსგავსი კომპანიების მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კერძო სექტორმა ჯანდაცვის ინდუსტრიაზე განვითარებად ქვეყნებში. IFC განვითარებადი ქვეყნების კერძო ჯანდაცვის სექტორში მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორია და კერძო კომპანიებს გრძელვადიან დაფინანსებასთან ერთად, მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებას უზიარებს. ეს ხელს უწყობს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის და ცხოვრების დონის ამაღლებას ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.“

Subscribe to our news

Get the main news of the day