ავიაბაზარზე კიდევ ერთი უცხოური ინვესტიციით დაფუძნებული ქართული ავიაკომპანია BRAVO Air შემოდის. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ფარშიდ აბდოლაჰზადემ Bm.ge-ს განუცხადა, ავიაკომპანია თავდაპირველად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, ორ თვეში კი რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს.
"მაისის პირველი რიცხვიდან ვიწყებთ ფრენას, თავდაპირველად თბილისიდან საუდის არაბეთის, დუბაის, ირანის, ქუვეითის, კატარის, მასკატის მიმართულებით ვიფრენთ, ორი თვის შემდეგ კი რეგულარულ რეისებსაც დავამატებთ.
ჩვენ სამი წლის განმავლობაში "ჯორჯიან ეარვეისის" პარტნიორობით საქართველოდან ჩარტერულ რეისებს ვასრულებდით, ამჯერად გადავწყვიტეთ, რომ თავად დავაფუძნოთ აქ ავიაკომპანია. თავდაპირველად აზიის მიმართულებას ავითვისებთ, შემდეგ კი ევროპის მიმართულებებზეც ვიფიქრებთ.
საქართველო ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რადგან ვხედავთ, რომ ტურიზმის სტატისტიკა დღითიდღე იზრდება, ავიაბაზარზე მხოლოდ ერთი ადგილობრივი ავიაკომპანიაა, რომელსაც ბაზრის 9% უკავია, დანარჩენს კი უცხოური ავიკომპანიები ითვისებენ, აქედან გამომდინარე ვხვდებით, რომ საქართველოს ბაზარი ძალიან საინტერესოა.
ჩვენი პრიორიტეტი ადგილობრივი კადრების დასაქმებაა, რომლებსაც თავად ვზრდით, ავიყვანეთ ბორტგამცილებლები, ჩვენ ვაფინანსებთ მათ მომზადებას საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში. ჯამში 110 ადამიანს დავასაქმებთ", - განაცხადა ფარშიდ აბდოლაჰზადემ.
მისივე განმარტებით, ავიაკომპანია ბოინგ 737 ტიპის თვითმფრინავით განახორციელებს ფრენებს, - ამჟამად ერთი საჰაერო ხომალდით , რაც ეტაპობრივად შვიდამდე გაიზრდება.