ჩინური ინვესტიციით შექმნილი ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაა, - ამის შესახებ Bm.ge -ს ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა განუცხადა.
"ეს შეთანხმება იყო თავიდანვე, რომ მაქსიმალურად, ყველა პოზიციაზე, ბორტგამცილებელი იქნება ეს, თუ ზოგადად მენეჯმენტი, პირველ რიგში დასაქმდება ადგილობრივი კადრები. თუ, ისეთი განსაკუთრებული და სპეციფიური კადრი იქნება საჭირო და მას საქართველოში ვერ ვნახავთ, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მის მოძიებას, არამხოლოდ ჩინეთის, არამედ საერთაშორისო ბაზარზე... ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 80 ადამიანია დასაქმებული და აქედან 97% საქართველოს მოქალაქეა. დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება მას შემდეგ, რაც დავიწყებთ ოპერირებას... რაც შეეხება ბორტგამცილებლებს, შარშან კონკურსი ორჯერ, გამოცხადდა, შეირჩა ადგილობრივი კადრები, რომელთა ნაწილიც სერტიფიცირებული იყო, ნაწილი კი ამ კონკრეტულ ბორტებზე სამუშაოდ გადამზადდა", - განაცხადა იგორ აფციაურმა.
მისივე განმარტებით, ავიაკომპანია მგზავრებს ბორტზე საქართველოში დამზადებულ საკვებს შესთავაზებს.
"რადგან Myway Airlines არის ქართული ავიაკომპანია და იქნება ბაზირებული საქართველოში, TAV-თან ხელშეკრულების თანახმად, გვეძლევა საშუალება გვქონდეს ჩვენი "ქეთერინგი". უცხოურ ავიაკომპანიებს ეს შესაძლებლობა არ აქვთ, მათ შესაბამის მომსახურებებზე ხელშეკრულება უშუალოდ "ტავთან" უნდა გააფორმონ. მაგრამ, ეს პირველი წლის განმავლობაში ალბათ ვერ მოხერხდება, სამომავლოდ აეროპორტის ტერიტორიაზე ვგეგმავთ საკვები ობიექტის მოწყობას " - განაცხადა აფციაურმა Bm.ge-სთან საუბრისას.