ავტობუსების WiFi-თ აღჭურვისთვის კონკურსი ივლისის ბოლოს გამოცხადდება. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭეიშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ივლისის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა MAN-ის ყველა ახალი ავტობუსი, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება.
ნუგზარ ჭეიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე ხაზზე უკაბელო ინტერნეტი გაიტესტა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში ხარვეზები ჰქონდა ინტერნეტს. მისივე თქმით, მერიის IT დეპარტამენტი მუშაობს, კონკურსი ისეთი სტანდარტებით გამოაცხადოს, რომელიც მსგავს ხარვეზებს ან გამორიცახვს, ან სწრაფად აღმოფხვრას ითვალისწინებს.
"მე თვითონაც მიმგზავრია ავტობუსით და აღმოვაჩინე, რომ სატესტო რეჟიმში ზოგიერთ შემთხვევებში იყო ხარვეზები - ცუდ ამინდში არ იჭერდა ინტერნეტი ან ზოგგან იჭერდა, ზოგგან- არა",- აცხადებს ნუგზარ ჭეიშვილი.
მისივე თქმით, კონკურსის გამოცხადების შემდეგ შეირჩევა კომპანია, რომელიც უკაბელო ინტერნეტს თბილისის ავტობუსის ყველა ხაზზე დააყენებს.