Home
Category
TV Live Menu

ავტოიმპორტიორი: მანქანებზე აქციზის ზრდით საქართველოდან აზერბაიჯანში რეესპორტი გაიზრდება

5860dc11852a4
სალომე მეცხვარიშვილი
26.12.16 14:30
1828
ავტოიმპორტიორები მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების შედეგად აზერბაიჯანში მანქანების რეექსპორტის ზრდას ელოდებიან. როგორც "კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე "ბიზნესკონტრაქტთან" განმარტავს, საქართველოში მარჯვენა და მარცხენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის ზრდა დილერებს უბიძგებს აქცენტი შედარებით ახალ, ნაკლები გარბენის მქონე ავტომობილებზე გააკეთონ, რაც მეზობელ ქვეყანაშია მოთხოვნადი. ბიზნესმენის თქმით, ცვლილებები პრაქტიკულად ევრო 4-ის სტანდრატზე გადასვლას ნიშნავს, რაც აზერბაიჯანის სტანდარტია. 

"როცა აზერბაიჯანმა ევრო 4-ის სტანდარტი დააწესა, მაშინვე ვამბობდი, რომ ჩვენც ევრო 4-ის სტანდარტზე უნდა გადავსულიყავით, იმისთვის, რომ რეექსპორტის დინამიკა არ შემცირებულიყო. ცვლილებები, რომლებიც დაგეგმილია, პრაქტიკულად ევრო 4-ის სტანდარტზე გადასვლას ნიშნავს. ახალ ავტომობილებზე მიდის აქცენტი და შესაბამისად, ეს ის ავტომობილებია, რომლებიც აზერბაიჯანს სჭირდება. 

დილერები, რომლებსაც შემოჰყავდათ ავტომობილი, მომავალი წლიდან ისეთ ავტომობილს შემოიყვანენ, რომელიც საქართველოსთვისაც მისაღები იქნება და აზერბაიჯანისთვისაც",- აცხადებს გიორგი სურგულაძე.
 
მისი თქმით, ამ მიმართულებით დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება და დილერები, რომლებიც აქამდე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანით იყვნენ დაკავებული, ახალი მიმართულების ათვისებას ცდილობენ. 

გიორგი სურგულაძის თქმით, დაგეგმილმა ცვლილებებმა, რომლებიც ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებას გულისხმობს, მოთხოვნა ჰიბრიდებზეც გაზარდა. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვილებებით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სამმაგდება, მარცხენასაჭიანებზე კი წლოვანების მიხედვით განოისაზღვრება. 

კანონპროექტის მიხედვით კი, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი მცირდება. გარემოსდაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით 0-დან 6 წლის ასაკის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები მცირდება და არაჰიბრიდული ავტომანქანის აქციზის ფასზე 60%-ით ნაკლები ეღირება. 

აზერბაიჯანმა ევრო4-ის სტანდარტი 2014 წელს დანერგა, რის შემდეგაც საქართველოდან მეზობენ ქვეყანაში მანქანების რეექსპორტი მკვეთრად შემცირდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day