FlyWash პირველი კომპანიაა, რომელმაც ბაზარზე ადგილზე მისვლით ავტომობილის უწყლოდ რეცხვის სერვისი გამოიტანა. კომპანია საპარტნიორო ფონდის ,,სტარტაპ საქართველოს’’ ბენეფიციარია. მათ პროექტის ფარგლებში 20 000 ლარის დაფინანსება მიიღეს, საიდანაც მხოლოდ 9 000 ლარის ფინანსური რესურსი გამოიყენეს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ,,საქმის კურსთან’’ აცხადებს, მათ ბიზნესი დროებით გააჩერეს და კომპანიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა.
,,7 თვე ვიმუშავეთ, მაგრამ ჩვენი სერვისი ბაზარმა ისე ვერ მიიღო, როგორც ველოდით’’-აცხადებს გიორგი გულუა, FlyWash-ის დამფუძნებელი.
FlyWash-ს მანქანის რეცხვისთვის საჭირო ხსნარები ამერიკიდან ჩამოაქვს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ, მათი მომსახურება დაახლოებით 25%-ით გააძვირა, შესაბამისად მათი ბიზნესი არარენტაბელური აღმოჩნდა.
კომპანიამ გადაწყვიტა VIP სეგმენტში გადავიდეს. ამიერიდან ყველა ტიპის მანქანის ეკოლოგიურად სუფთა ხსნარებით რეცხვის ღირებულება 20 ლარი იქნება. ,, გარდა ამისა წამოვიდა მოთხოვნა მომხმარებლებისგან თავად შეიძინონ ხსნარები და გარეცხონ მანქანა საკმაოდ იაფად, 4,50 ლარად’’-ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მისი თქმით, ეს სერვისი განსაკუთრებით ტაქსისტებს და სამთავრობო უწყებების მომსახურე მძღოლებს მოსწონთ.
კომპანია მომსახურების ახალ სეგმენტში სექტემბრიდან გამოჩნდება. მომხმარებლები FlyWash-ის სერვისებზე წვდომას ვებ-პლატფორმით და აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ.
მანქანის რეცხვის ინოვაციური სერვისის გატანას პროექტის ავტორები საქართველოს ფარგლებს გარეთაც გეგმავენ. ახლო მომავალში დაგეგმილია ადგილზე მისვლით ავტომობილის უწყლოდ რეცხვის სერვისი აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზეც გაიტანონ.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 22 0 500 ლარია.