სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 3 წლის განმავლობაში სულ 236 პროექტია მხარდაჭერილი. „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 556 მილიონ 510 ათასი ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, შედეგად, სულ შეიქმნა 10 705 სამუშაო ადგილი.
მოცემული მონაცემები ასახავს სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამივე უწყების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შედეგებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" განხორციელება დაიწყეს.
სამთავრობო პროგრამა მიმართულია, წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ მიზანს მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროგრამა მოიცავს 3 კომპონენტს:
• ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა
• უძრავი ქონების უზრუნველყოფა
• საკონსულტაციო მომსახურება