აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე რეგიონის საინვესტიციო პროცესზე ისაუბრა.
დავით ბალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 2016 წლის პირველი კვარტლის ინვესტიციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,რომ ახალ ბულვარში 520 მლნ ლარის ინვესტიცია მიმდინარეობს:
"მინდა აღვნიშნო,რომ აჭარაში საინვესტიციო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. წლების წინ უფუნქციო ახალ ბულვარში ეხლა არაერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება და ამ მხრივ ამ ტერიტორიაზე დღეს ნამდვილი საინვესტიციო ბუმია. ტერიტორიაზე მიმდინარე პროექტების საპრივატიზებო ღირებულება ჯამში დაახლოებით 21,1 მლნ ლარია, საიდანაც ჩვენ დაახლოებით 520 მლნ ლარის ინვესტიციას ველოდებით, აქედან 100 მილიონი ლარი კი უკვე განხორციელებულია.
ახალ ბულვარში ამ დროისთვის მიმდინარეობს 4 სასტუმროს მშენებლობა და მალე კიდევ ერთი დაემატება. შედეგად ჯამში მივიღებთ 1700 სასტუმრო ნომერს, 2600 ახალ სამუშაო ადგილს.
სულ რამდენიმე დღის წინ, აჭარაში კიდევ ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყებაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. კერძოდ, ახალ ბულვარში არანაკლებ 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ბულვარში აღნიშნული ქონება პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე 5 მლნ ლარად გამოვიტანეთ. აუქციონზე ვაჭრობის შედეგად მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 100% იანი ფასნამატით, 9,3 მლნ ლარად შპს „ორბი ჯგუფ მილენიუმმა“ შეიძინა.
აუქციონის პირობების მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 350 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება. პროექტში პირველ ეტაპზე 300 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება. პროექტი საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ტერიტორიის არანაკლებ 50% ტურისტულ რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც ტურისტული ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქონება 100%-იანი გაზრდილი ფასით იყიდება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რეგიონის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და აჭარა საინტერესოა ბიზნესის დაწყებისთვის", - განაცხადა ბალაძემ.