Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია - „მედიის უფლებები“ - ხატია ყურაშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
27.05.21 12:26
714

"მნიშვნელოვანია, რომ "კავკასუს ონლაინის" საქმეზე პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს" - არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის უფლებების“ დამფუძნებელი ხატია ყურაშვილი „ქალების ნარატივში“ 

 

-როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, „კავკასუს ონლაინის“ ახალ მფლობელებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - როგორი თქვენი დამოკიდებულება? 

-“კავკასუს ონლაინის“ შემთხვევაში, მნიშნელოვანია, რომ პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს და მედიას ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რას შეეხება გარიგება. „კავკასუს ონლაინში“ დროებითი მმართველის დასანიშნად განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რამაც ვენეციის კომისიის ძალიან უარყოფითი დასკვნა გამოიწვია; პარალელურად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები; ახლა უკვე სხვა დროებითი მმართველია დანიშნული, რომელიც მანამდე მარეგულირებელი კომისიის აპარატის თანამშრომელი იყო; პროცესი გრძელდება და მნიშვნელოვანია მას გაჰყვეს გამჭირვალობა. 

 

-მოგვიყევით არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის უფლებების“ შესახებ; რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება?

-შევიკრიბეთ სამი ადამიანი - მე, ნათია კაპანაძე და ეკა ბასილაია და ვაპირებთ ერთად ვიმუშაოთ მედიის უსაფრთხოების გაძლიერებაზე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ორგანიზაცია ახალი დაარსებულია და ვხვდებით მაუწყებლებს. „მედიის უფლებები“ ღიაა ნებისმიერი მედიაორგანიზაციისთვის. პრობლემები ბევრია; ჩვენი ორგანიზაცია, ამ ეტაპზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ვიქნებით ობიექტურად კრიტიკულები; ამ ეტაპზე ჯამში ორგანიზაციაში ჩართულნი ვართ ოთხნი; მოვიაზრებთ გაფართოებასაც.

 

-კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგთან დაკავშირებით პირველი თვის მიხედვით, რა შედეგები გამოიკვეთა?

-პირველ ანგარიშში მოხვდა 3 ძირითადი მიმართულება. ერთ-ერთი იყო „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დამატებით საკითხთან განიხილა კომისიამ და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში, არ იყო საჯაროობა უზრუნველყოფილი, რადგან საზოგადოებისთვის არ იყო წინასწარ ცნობილი, რომ კომისია ამ საკითხს განიხილავდა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მარეგულირებელმა კომისიამ მეტი საჯაროობა უზრუნველყოს, თუნდაც სხდომების ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნება კარგი იქნებოდა. გარდა ამისა, უკვე 2 წელზე მეტია, რაც მარეგულირებელი კომისია არაა სრულად დაკომპლექტებული,არადა ეს ფაქტორი სრულყოფილი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია. ვაკანტურია ერთი კომისიონერის თანამდებობა.2019 წელს გამოცხადდა კონკურსი, მაგრამ შეწყდა და ამომწურავი განმარტებაც არ გაკეთებულა, თუ რატომ.  

 

-ვისაუბროთ რეიტინგების მთვლელი კომპანიების საერთაშორისო აუდიტზეც; ფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით 2 კომპანიის არსებობა შეიძლება რეკლამის დამკვეთებისთვის დამაბნეველი გამხდარიყო?

-შესაძლებელია, რომ ეს დამკვეთებისთვის დამაბნეველი იყოს. როგორც ვიცი, სხვაგან არაცა ასეთი შემთხვევა, რომ სატელევიზიო რეიტინგების 2 კომპანია იყოს ქვეყანაში. აღსანიშნავია, ზოგადად მარეგულირებელი კომისიის დაინტერესება ამ საკითხით. ვიტყოდი, რომ პრეტენზია და სურვილი, რომ აუდიტი ჩაუტარო მთვლელ კომპანიებს, უნდა მოდიოდეს დარგიდან, ვგულისხმობ, რეკლამის დამკვეთ პირებს და მაუწყებლებს. თვითონ განცხადებაში, სადაც კომისიამ საზოგადოებას ამცნო, რომ იწყებდა ამ საკითხის შესწავლას,აღნიშნულია, რომ სარეკლამო შემოსავლებმა ინტერნეტში გადაინაცვლა და ეს რაღაცნაირად ბაზარზე 2 მთვლელის არსებობას უკავშირდება და მათ უნდა შეისწავლონ ეს საკითხი. ესაა განცხადების ერთგვარი პერიფრაზი. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ არ შეიძლება მხოლოდ ამ ფაქტორს დავუკავშიროთ, რეკლამის გადანაცვლება ბუნებრივი მოვლენაა, ეს სხვა ქვეყნებმაც გაიარეს, ასევე გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობაც, პანდემიის გავლენაც, როცა სარეკლამო ბაზრის შემცირებაზე ვსაუბრობთ; ჩვენთვის ისევ და ისევ მთავარია პროცესის გამჭირვალობა და საზოგადოების ჩართულობა; თანაც საერთაშორისო აუდიტორული მომსახურებები საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება და ეს პროცესიც უნდა იყოს გამჭირვალე.







სტუმარი: ხატია ყურაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის უფლებების" დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day