თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საბანკო ჰოლდინგების რეგულირება აუცილებელია. ამის შესახებ მან "საქმის კურსს" განუცხადა.
"ჯერჯერობით, ჩემი ინფორმაციით, პირველადი პროექტი არსებობს, რომელიც დამუშავების ეტაპზეა. ჩემი აზრია, რომ ამის რეგულირება აცილებლად უნდა მოხდეს“,- აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
მისივე თქმით, ვრცელი კომენტარის გაკეთებას ამაზე მას შემდეგ შეძლებს, რაც დეტალები დაზუსტდება. ბუცხრიკიძის თქმით, საინტერესოა, როგორც აისახება ცვლილებები ახალ კანონში.
რაც შეეხება ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ბანკის აღმასრულებელი პოსტის დაკავება არ შეეძლებათ, ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ის მენეჯმეტში დარჩება.
"მოგეხსენებათ ცვლილებები ჩვენ განვახორციელეთ მას შემდეგ, რა თიბისი ბანკი განთავსებული იქნა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ეს არის საუკეთესო მაგალითი კორპორატიული მართვის. გამომდინარე იქიდან, როგორი სახის საკანონმდებლო ცვლილება იქნება, იმის მიხედვით განვახორციელებთ ცვლილებებს. თუ მოხდება ცვლილებები (ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს აღარ შეეძლებათ აღმასრულებელ პოზიციებზე ყოფნა) მე და გიორგი შაგიძე მენეჯმეტის დონეზე ვიქნებით და სამეთვალყურეო საბჭოში იქნება შესაბამისი ცვლილებები",- აცხადებს ბუცხრიკიძე.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკში ვახტანგ ბუცხრიკიძეს და მის მოადგილეს გიორგი შაგიძეს თანამდებობა უკავიათ როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე ბანკის აღმასრულებელ თანამდებობზე. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ცვილილებებს სხვადასხვა მიმართულებით ითვალისწინებს, მათ შორის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს აღარ შეეძლებათ აღმასრულებელ პოზიციებზე ყოფნა.