საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ონლაინსესხებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებს ეხება, გარკვეულ რისკებს შეიცავს.
როგორც მელიქიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე.
მისივე თქმით, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთებმა ლარში გაცემულ სესხებზე აიწიოს მომავალში.
"ამასთან, მოთხოვნა ფულზე ამ რეგულაციებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში, დიდია",- განაცხადა მაია მელიქიძემ.
მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს კითხვები, რატომ არ მოხდა ბიზნესსექტორთან წინასწარ აღნიშნული რეგულაციების განხილვა.
როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა განმარტა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, ონლაინსესხების კომპანიებთან და კომერციულ ბანკებთან, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
„მოვისმინეთ ყველა მხარის მოსაზრება და შევჯერდით ეროვნული ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება სებ-ის მიერ“,- განაცხადა მელიქიძემ.
შედეგად, პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც: რეგულაციებში ექცევა ონლაინსესხების კომპანიები და მათთვის წლიური ეფექტურის საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს; მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ 100 ათას ლარამდე თამასუქების გაცემა; ასევე, იკრძალება 100 ათას ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა’ საკანონმდებლო ცვლილებებით, პროდუქტის რეკლამირებისას ფასდადება უნდა მოხდეს ლარში.