აჭარის მთავრობამ ახალი უწყება შექმნა, რომელიც სამთავრობო უწყებებში ერთიან საკომუნიკაციო სისეტმას შექმნის და მის განვითარებას უზრუნველყოფს.
"ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური’’- ასე ჰქვია დეპარტამენტს, რომელსაც კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლებაც ექნება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს IT სპეციალისტი ,,საქმის კურსთან’’ იმ მიზნებსა და საჭიროებებს განმარტავს, რამაც ახალი სტრუქტურის შექმნის აუცილებლობა განაპირობა. ირაკლი ფილიას თქმით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროები მხოლოდ ერთი IT სპეციალისტისგან არის დაკომპლექტებული, რომელთაც ყოველდღიური ტექნიკური ხასიათის სამუშაოების გამო ინოვაციური პროექტებისთვის დრო არ რჩებათ.
"ახალი სამსახურის შექმნით, ეს იქნება გუნდი, რომელიც მოემსახურება მთელ მთავრობის აპარატს და ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს მათ. არსებობენ უსინდისო პროგრამისტები, ე.წ "ჰაკერები", რომლებიც ყოველთვის ცდილობენ მსხვილი ქსელების შეჩერებას, შიგნით შეღწევას. ინფორმაციის მოპოვებას თუ არა გაფუჭებას მაინც. ეს საშიშროება მთელს მსოფლიოში დგას. ორი ადამიანის ძალა ასეთ დროს საკმარისი არ არის ხოლმე’’-აცხადებს ირაკლი ფილია.
კითხვაზე, ყოფილა თუ არა მსგავსი ჰაკერული თავდასხმების მსხვერპლი აჭარის მთავრობის რომელიმე უწყება, საპასუხოდ ირაკლი ფილია აცხადებს, რომ გლობალური თავდასხმა ჯერჯერობით არ მომხადარა, მაგრამ ამის საშიშროება არსებობს.
საბიუჯეტო სახსრების მიღების გარდა ახალ უწყებას დამოუკიდებელი შემოსავლების მიღების უფლებაც ექნება. კომერციული საქმიანობის უფლებასთან დაკავშირებით ფილია განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს კომერციული საქმიანობის განხოციელების უფლება აქვს, თუმცა არ ჰგონიათ, რომ მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე კომერციული საქმიანობის დრო დარჩეთ.
"კომერციულ საქმიანობაზე ჩვენ არ ვართ აქცენტირებული იმდენად, რამდენადაც მასშტაბური სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი. 14 ორგანიზაციაა, რომელსაც უნდა მოვემსახუროთ და შემდგომ რაიონებშიც უნდა გავიდეთ. არ მგონია კომერციული საქმიანობისთვის დაგვრჩეს დრო", - განმარტავს ,,საქმის კურსთან’’ ირაკლი ფილია.
ახლადშექმნილ დეპარტამენტში 28 თანამშრომელი იმუშავებს. მათ კონკურსის წესით შეარჩევენ მას შემდეგ, რაც უწყებას ხელმძღვანელი და მოადგილე ეყოლება. აჭარის მთავრობის „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურისთვის“ მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტში 500 ათასი ლარია განსაზღვრული.