ახმეტაში დამზადებული ეთერზეთები, რომელიც კოსმეტიკაში გამოიყენება, საფრანგეთში ექსპორტზე გავა. ეთერზეთების წარმოებას კახეთში კომპანია „აგრო არომა“ იწყებს. პროდუქტი სრულად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და საფრანგეთის გარდა გერმანიაში, ბრიტანეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გაიყიდება.
კომპანია პირველი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ქინძის ზეთს აწარმოებს, მომავალში კი ასორტიმენტის გაფართოებასაც აპირებს და ვარდის, ლავანდისა და ბაზილიკის ეთერზეთის წარმოებასაც დაიწყებს.
საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს და ევროკავშირის ქვეყნებში საწარმოებს მიაწვდის, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთებთან დამუშავების შემდეგ პროდუქციას კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცემენ. ამის შემდეგ კომპანიები საბოლოო საცალო პროდუქტს გამოუშვებენ სუნამოს, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ზურაბ ნაცვლიშვილი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, უცხოურ კომპანიებთან პირველადი შეთანხმებები ეთერზეთის მიწოდებაზე უკვე არსებობს.
პირველ პროდუქტს „აგრო არომა“ დაახლოებით ერთ წელში, 2017 წლის სექტემბერში გამოუშვებს.
საწარმოში მილიონ ლარზე მეტი ჩაიდება და დაახლოებით 30 ადამიანი დასაქმდება.