აზერბაიჯანის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის შეწყვეტას გეგმავს. როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანმა საკუთარი ბაზარი უნდა დაიცვას.
“მიმაჩნია, რომ იმპორტი, როგორც ცნება, საერთოდ არ უნდა არსებობდეს. თუმცა ახლა, ალბათ, ჩვენ უნდა დავუშვათ იმპორტი ასორტიმენტის მრავალფეროვნებისთვის, რადგან ზოგი ადამიანი უცხოურ პროდუქციას მიჩვეულია და უპირატესობას ანიჭებს მას”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ამასთან, ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე ისეთი საბაჟო გადასახადი უნდა დაწესდეს, რომ მოსახლეობამ ადგილობრივ პროდუქციას მიანიჭოს უპირატესობა. “ისეთ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, უცნაურად მეჩვენება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ ხარისხიანი პროდუქცია, სრულად ვუზრუნველყოთ საკუთარი თავი და დავიცვათ ჩვენი შიდა ბაზარი”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.