აზერბაიჯანმა TANAP-ის პროექტისთვის საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკისგან ახალი ტრანში მიიღო.
ტრანსანატოლიური მილსადენისთვის, რომელიც "სამხრეთის გაზის კორიდორის" ნაწილია, IBRD-მა 146,3 მილიონი დოლარის კრედიტი გამოყო. აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ბანკმა კი 219,5 მილიონი.
იმავე საფინანსო ინსტიტუტებმა აზერბაიჯანს თებერვალშიც გამოუყვეს ტრანში 108 და 162 მილიონი დოლარის ოდენობით.
მთლიანობაში TANAP-ის ღირებულება 8,5 მილიარდი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განხორციელდება.