ჩინური Huawei ბაქოში „ჭკვიან ქალაქს“ ააშენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია ტრანსპორტის სამსახურს ახალი პროექტის "ჭკვიანი ქალაქის" განხორციელებაში დაეხმარება. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ადგილები ბაქოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მოეწყობა. პირველ ეტაპზე პროექტი "საზოგადოებრივი WiFi-ს" ამუშავებას გულისხმობს.
"ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სამინისტროს "ჭკვიანი ქალაქის" ფორმირებაში. პროექტის მომდევნო ეტაპები ითვალისწინებს "ჭკვიანი ტრანსპორტის", "ჭკვიანი პორტის", "ჭკვიანი ვაჭრობის" შემოღებასაც", - აცხადებენ Huawei-ში.
მათივე ცნობით, საზოგადოებრივი WiFi ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც შეიძლება ტურისტებს დააინტერესოს.
"ბაქოს ისეთივე პოტენციალი აქვს ტურისტების მისაზიდად როგორიც ბარსელონას და დუბაის, სადაც ასეთი პროექტები უკვე რეალიზებულია",- აცხადებენ Huawei-ში.