მენაშენეთა ასოციაცია ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ შესაბამის კანონზე მუშაობა პარლამენტში უკვე დაიწყო. კომპანია „არსის“ დირექტორის თორნიკე აბულაძის განცხადებით, ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა არამხოლოდ სამშენებლო ბიზნესს აზიანებს. კერძოდ აბულაძე მიიჩნევს, რომ ბანკების ნაწილი კონკრეტულ კომპანიებს კონკურენტად აღიქვავენ. როგორც თორნიკე აბულაძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აღნიშნავს, ბანკში სესხის აღებისას კომპანია მის ყველა ინფორმაციას ასაჯაროვებს და არის რისკი, რომ ეს ინფორმაცია ბანკმა შემდგომ სათავისოდ გამოიყენოს.
"ბანკს როდესაც აქვს თავისი ბიზნესები, ის ამ სფეროს ისე აღარ აფინანსებს, ერთია როდესაც საკუთარ კომპანიას აძლევ სესხს და მეორეა როდესაც სესხს კონკურენტ ბიზნესს აძლევს.
დღეს ნებისმიერ ბანკს აქვს უფლება შეიჭრას ნებისმიერ ბიზნესში.
როგორც კი ამის მკაცრი ადმინისტრირება დაიწყება, ეს პრობლემა აღარ იქნება. მაგალითად თუ ბანკს აქვს საკუთარი სამშენებლო კომპანია, ის ხვალ შენი კონკურენტი გახდება, და არის შანსი, რომ სესხი შეგიჩეროს, ამიტომ სამშენებლო კომპანიები ცდილობენ, რომ სესხი არ აიღონ. არის დიდი რესურსი რომელიც დღეს ამ სფეროში გამოყენებული არაა", - აცხადებს აბულაძე და განმარტავს, რომ იურიდიულად ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობის უფლება არ აქვთ, თუმცა ეს კანონი რეალობაში შესრულებული არაა.
"ბანკების მიერ არაპროფილურ აქტივებზე უარის თქმა წაადგება, როგორც ბანკებს, ასევე ბიზნესს და ქვეყანას. როგორც კი რეალურად ბანკი გაითავისებს, რომ აღარ ფლობს ბიზნესებს, ის უკვე სხვა ბიზნესებსაც შეხედავს როგორც პარტნიორს და არა როგორც კონკურენტს", - განაცხადა აბულაძემ ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას.