TBC ბანკი წელს ბევრ სიახლეს აანონსებს. მას შემდეგ, რაც მათი მართვის ქვეშ მთლიანად გადავა რესპუბლიკა ბანკი, მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან საბანკო პროდუქტებს შესთავაზებენ. როგორც "თი ბი სი" ბანკის გენერალური დირექტორი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, "რესპუბლიკა" ბანკისა და "თი ბი სი" ბანკის საბოლოო შერწყმა წლის მეორე ნახევარში დასრულდება.
"ოქტომბრის ბოლოდან "თი ბი სი" ბანკის მართვის ქვეშაა მთლიანად რესპუბლიკა ბანკი. დღეს სამართლებრივად რესპუბლიკა ბანკი დამოუკიდებლად ოპერირებს, მაგრამ წლის მეორე ნახევარში მოხდება საბოლოო შერწყმა. როგორც განვაცხადეთ, ვფიქრობთ, გავაფართოვოთ პროდუქტების ნაირსახეობა. წლის ბოლომდე, როდესაც შერწყმა დასრუდება, ბანკი რესპუბლიკას მომხმარებლები გაცილებით მეტი პროდუქტის ნაირსახეობის შეძენას შეძლებენ. არამარტო დღეს, რასაც სთავაზობს ბანკი რესპუბლიკა, არამედ ამას დაემატება ახალი პროდუქტები. წელს ბევრი ახალი ინიციატივა გვექნება", - აცხადებს "ბიზნესკონტრაქტთან" ვახტანგ ბუცხრიკიძე.
"რესპუბლიკა" ბანკისა და "თი ბი სი" ბანკის შერწყმის შედეგად, "თიბისი ბანკი" დეპოზიტების და სესხების მიხედვით, ქართულ ბაზარზე N1 ბანკი ხდება. "თი ბი სი" ჯგუფმა და ფრანგულმა “სოსიეტე ჟენერალმა“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს და "რესპუბლიკა" ბანკის აქტივების 93%-ზე მეტის მფლობელი "თი ბი სი" ბანკი გახდა.