ნოემბერში ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე დოლარი-ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 62.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2 მილიონი აშშ დოლარით - 24 პროცენტით- მეტია წინა თვის ბრუნვაზე და 44.1 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბიმისი თვის მონაცემზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"იმავდროულად კომერციულ ბანკებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 15 პროცენტით გაიზარდა (წლიურად კი 83 პროცენტით გაიზარდა). თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია. ნოემბერში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია მცირედით შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 55 პროცენტი (წინა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 58 პროცენტს შეადგენდა) ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან 5 ბანკზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიურ 5 ბანკს ბაზრის 51 პროცენტი (წინა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 55 პროცენტს შეადგენდა) უჭირავს. ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსი არ შეცვლილა და კვლავ 9 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს",- ნათქვამია ეროვნული ბანკის ნოემბრის თვის მიმოხილვაში.