პროექტის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანული SOFAZ-ის მიერ "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზის ასაშენებლად გამოყოფილი თანხა 611.5 მილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თანხა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკიდან შპს "მარაბდა-კარწახს" გადაერიცხა, რომელიც მარაბდა-თურქეთის საზღვრის პროექტირების, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის შეიქმნა.
ანგარიშის თანახმად, 2016 წლის პირველ ნახევარში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად SOFAZ-მ 23.2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება და მისი გაშვება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ხაზებს გააერთიანებს და ახალ რკინიგზას წელიწადში 17 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთი მილიონი მგზავრისა და 6.5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე იქნება, სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და როგორც ანგარიშში წერია, წელიწადში 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.
აზერბაიჯანმა საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის 775 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი გამოყო.
მიმდინარე წლის 1 ივლისისთვის SOFAZ-ს აქტივები წლის დასაწყისთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა და 35.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.