ბაქო-თბილისი-ყარსის ქართული მონაკვეთისთვის აზერბაიჯანმა $632 მილიონი გამოყო
BM.GE
21.08.17 16:10
• 870
მიმდინარე წლის პირველი ივლისის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მშენებლობის პროექტისთვის აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა SOFAZ 631.79 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, - აღნიშნული ინფორმაცია SOFAZ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თანხები აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის მეშვეობით შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა"-ში გადაირიცხა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამშენებლო სამუშაოებს მართავს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო. აღნიშნული რკინიგზა სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება და მისი გაშვება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტის იდეა ის არის, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზები ერთმანეთს საქართველოს გავლით დაუკავშირდეს და ამით ცენტრალური აზიიდან სამხრეთი კავკასიის გავლით ევროპისკენ მიმავალი უფრო იაფი და მოკლე ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფანი შექმნას.
დერეფნის მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთი მილიონი მგზავრისა და 6.5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე იქნება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს გაიარა.