"ბათუმის "შერატონის" გახსნას საერთოდ არ აპირებდნენ, “ჯაზ ფესტივალის“ გამო მოეწერა ხელი პროექტს", - ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა. მისი თქმით, ფესტივალის დაფინანსების თანხების გაზრდა, მისი დღეების რაოდენობის გაზრდის მიზნით მოხდა, რამაც ბილეთებზე ფასის დაწევაც გამოიწვია.
"ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვქონდა. პროექტი Check in Georgia პირადად კულტურის სამინისტრომ გააკეთა, ამხელა პროექტი “ისთერნპრომოუშენს" არ გაუკეთებია და ეს ბევრმა ვერ გაიგო. მჟავანაძიდან და ბრეჟნევიდან დაწყებული მე მგონი ისტორიულად მხარში ედგნენ ამ ფესტივალს.
2 მილიონი იმიტომ გადაურიცხეს, რომ 10 დღიანი უნდოდა სახელმწიფოს. ის 2 მილიონიც ბიუჯეტს არ დააწვა, რადგან უკან შემოვიდა“, - აცხადებს კანდელაკი და დასძენს, რომ ფესტივალის 100%-ით დაფინანსება არ მომხდარა.
"ფესტივალზე დასასწრები ბილეთები 300-400 ლარი კი არ ღირდა, არამედ - 50 ლარი, რაც ბევრად მნიშვნელოვანი იყო და ამიტომაც აქვს ამხელა შედეგი. ერთ პატარა მაგალითს გეტყვით, რომელიც ნებისმიერმა ბათუმელმა იცის, - თითო პატარა ჯიხური ჯაზ ფესტივალის პერიოდში დღეში 700-800-მდე მარტო ნაყინს ყიდის, როდესაც ფესტივალი დამთავრდა 15 ნაყინსაც ვეღარ ყიდდნენ. ეს ყველაფერი ხომ დადებითია. ეს იგივეა ახლა კანის ფესტივალი რომ ვიღაცამ გააჩეროს, ან არ დააფინანსოს. მაგ ქალაქს სხვანაირად ვერ გაიცნობდით. ეს ფესტივალი ბათუმის სავიზიტო ბარათია, და მან აჭარის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
ბათუმის "შერატონს“ ზუსტად Black Sea Jazz Festival-ის გამო მოეწერა ხელი. სასტუმროს გახსნას საერთოდ არ აპირებდნენ და 10 წლის წინ რომ დაინახეს რა დონის ტურისტები ჩადიოდნენ ბათუმში, როგორი გადამხდელები, ამის შემდეგ დაინტერესდნენ“, - განაცხადა კანდელაკმა.
რაც შეეხება "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ კერძო კომპანიების დაფინანსებას ეხება, კანდელაკი აცხადებს, რომ კვლევის არცერთი პუნქტი სიმართლეს არ შეესაბამება.
"ამ ყველაფერზე ჩვენი საფინანსო განყოფილებები პასუხებს გასცემენ და თუ რაიმე ინტერესი იქნება აუცილებლად გამოქვეყნდება შედეგები. კვლევაში ბევრი ისეთი რამ წერია, რაც სასაცილოა და უფრო „პიარ აქციას“ და სკანდალის შეკვრას ჰგავს. არცერთ ჩამოთვლილ კომპანიასთან კულტურის სამინისტროს კონტრაქტი გაფორმებული არ აქვს და ბედნიერები ვართ, რტომ ეს კომპანიები მართლაც არსებობს და მართლაც ჩვენი მუშაობის გამო დაიხვეწნენ და განვითარდნენ. 20 წელია ამ ბაზარზე ვმუშაობთ და ჩვენ გარშემო ბევრი რამ განვითარდა", - ამბობს კანდელაკი.