ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის ტენდერი მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.
3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექცია განთავსდება: სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. 138 ადგილიან სასტუმროში, 42 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი განთავსდება.
სპორტული კომპლექსის პროექტის მთლიანი ღირებულება 71 800 000 ლარია. შენობის პროექტირების თანხა 420 000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.