Home
Category
TV Live Menu

"ბათუმში ყველა გზა მიდის "პრივეტში"" - აჭარაში ყველაზე პოპულარული კაფის ისტორია

599e733a81d1d
BM.GE
24.08.17 11:15
1551
"ევროპაში ყველა გზა მიდის რომში, ბათუმში კი პრივეტში",- ამ ამბიციური სლოგანით დაიწყო აჭარაში ყველაზე პოპულარული კაფის "პრივეტ იზ ბატუმას" ისტორია ზუსტად 14 წლის წინ. 2003 წელს კომპანია „პორტო ფრანკოს“ ხელმძღვანელმა მარინა ზენაიშვილმა ყოფილი ფოტოსტუდიის შენობაში ფრანგული ბულანჟერიის გახსნა გადაწყვიტა. კაფეს სახელიც, ინტერიერიც და ისტორიაც აქედან შერჩა. ბათუმში პირველი ფრანგული სტილის კაფე მაშინ რამდენიმე მაგიდით შემოიფარგლებოდა, დღეს კი დაწესებულებას ერთდროულად 92 სტუმრის მომსახურება შეუძლია. "პრივეტ იზ ბატუმა" სეზონის პიკში ყოველდღიურად 2 ათას ადამიანს მასპინძლობს, კაფის წლიური ბრუნვა კი დაახლოებით 2 მილიონი ლარია.



ვიზიტორების მატებასთან ერთად კომპანიამ მენიუც გააფართოვა და დღეს სტუმრებს ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორებიცაა, ქეითერინგი, ბიზნეს ლანჩი, კორპორატიული ლანჩი და ა.შ.

თუ 2003 წელს კაფეს კონკურენტი თითქმის არ ჰყავდა, წლებთან ერთად ბაზარი გაიზარდა. დღეს "პრივეტ იზ ბატუმას" საკმაოდ სერიოზულ კონკურენტებთან უწევს გამკლავება. დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორი კაფის "წარმატების ფორმულას" გვიმხელს, რამაც 14 წლის განმავლობაში "პრივეტ იზ ბატუმა" მომხმარებლისთვის აქტულაური დატოვა:

"ვინარჩუნებთ სტილს, გემოს და დამოკიდებულებას - კლიენტი, რომელიც თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო ჩვენს კაფეში და რაღაც მოეწონა, მას დღესაც შეუძლია ზუსტად იგივე საკვები მიირთვას. ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და არ ვცვლით არც კერძების შემადგენლობას და არც ვიზუალს“,- აცხადებს ლანა ჩიხლაძე.
აღმასრულებელი დირექტორი მხოლოდ დადებით ასპექტებზე არ საუბრობს. ლანა ჩიხლაძე ამბობს, რომ "პრივეტ იზ ბატუმას" კლიენტები ყველაზე მეტად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ კერძების მიტანა გვიანდება. თუმცა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ იმ რაოდენობის კლიენტების მომსახურება, რომელსაც კაფე მასპინძლობს, დაგვიანება გარდაუვალია.

"ერთდროულად 92 ადამიანი შეკვეთას რომ აკეთებს, ყველას ერთად, რა თქმა უნდა, ვერ გამზადდება. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ ჩვენს კლიენტებს, რომ შეკვეთას დააგვიანდება",- აცხადებს ლანა ჩიხლაძე.

კაფე დღეს ცნობადი და პოპულარული სტუმრების შეფასებებითაც იწონებს თავს. „პრივეტ იზ ბატუმას“ აღმასრულებელი დირექტორისთვის გამორჩეულ სტუმრად მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა რჩება.

„მე პირდადად ჩვენს სტუმრებს შორის გამოვარჩევდი არაერთი ოსკარის მფლობელ ფრენსის კოპოლას, რომელიც რამდენჯერმე იყო ჩვენს კაფეში. 2 წლის წინ ის ბათუმში იღებდა ფილმს და 2 კვირის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური სტუმარი იყო. შემიძლია გავიხსენო რეზო ჩხეიძის შეფასებაც ჩვენზე: „თქვენ ხართ წყალი უდაბნოში“. ჩვენი შეფასებების წიგნი არაერთ ასეთ ჩანაწერს ინახავს“,- ამბობს ლანა ჩიხლაძე.

კომპანია „პორტო ფრანკო“ ბათუმში კიდევ ერთი, ამავე დასახელების საკვები ობიექტითაც არის წარმოდგენილი. ლანა ჩიხლაძე ამბობს, რომ მუშაობა კაფემ და რესტორანმა ერთდროულად დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით რიგი მიზეზების გამო რესტორანმა „პორტო ფრანკომ“ მუშაობა შეაჩერა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ 3 წლის წინ განახლებული „პორტო ფრანკო“ დღეს აჭარული ხაჭაპურის ცხობის მიმართულებით ლიდერია. რესტორანი სეზონზე დღეში 4 ათასამდე ადამიანს ემსახურება.

ბაზარზე ოპერირებიდან მე-14 წელს კომპანია თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. "პრივეტ იზ ბატუმას" ცნობადობის მიუხედავად აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა ერთგვარად საიმიჯო ნაბიჯია.

კომპანიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ თუ აჭარაში ვინმე ამ სფეროში გაიმარჯვებს, ეს "პრივეტ იზ ბატუმა" იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day