"საბანკო სექტორი საქართველოში დღეს ერთ- ერთი ყველაზე კონკურენტულია", - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. კახა კიკნაველიძის განცხადებით, სწორედ ამ კონკურენციამ განაპირობა საბანკო სექტორის განვითარება.
"მე ვფიქრობ, რომ ფინანსური მომსახურების სექტორი თავისი განვითარების დონით დღეს სხვა სექტორებს წინ უსწრებს. ბაზარზე ნამდვილად არსებობს ორი ბანკი, რომელთა ბაზრის წილი მაღალია, მაგრამ თუ შევხედავთ შეთავაზებებს, როგორც დეპოზიტების, ასევე დაკრედიტების მხრივ, დავინახავთ, რომ კონკურენცია გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ამ ორ ბანკს შორის.
ბანკების გარდა არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სულ უფრო და უფრო აქტიურობენ კორპორაციულ ბაზარზე დაკრედიტების სფეროში. ამასთან ორი მსხვილი მოთამაშის არსებობა გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ ბაზარი არაკონკურენტულია. სხვა სექტორებს რომ შევხედოთ, ყველაზე ნათელი მაგალითია კოკა- კოლას და პეპსი- კოლას კონკურენცია – ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშის, რომლებიც ერთმანეთის უდიდესი კონკურენტები არიან. ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „საქართველოს ბანკის“ სესხის საშუალო განაკვეთი 4-5%-ით შემცირდა. მე მგონი, ეს ნათელი მაგალითია, რომ ბაზარზე კონკურენციაა და კრედიტები იაფდება“, - განაცხადა კიკნაველიძემ.