18 წლის სტარტაპერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ახალი ქართული სპინერი შექნა, გოგა ოთინაშვილია. მან „საგოს“ ბრენდის ქვეშ ხის ინტელექტუალურ სათამაშოების წარმოება დეკემბერში დაიწყო. „საქმის კურსთან“ საუბარში გოგა ოთინაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ქართული სპინერის იდეა თავად მას ეკუთვნის და სამომავლოდაც ბევრ სიახლეს გვპირდება.
ახალი ქართული სპინერი ბაზარზე არსებულისგან იმით განსხვავდება, რომ მასალად ხე გამოიყენება და ფასიც გაცილებით დაბალია.
"ხის ინტელექტუალური სათამაშოების გაკეთება 2016 წლის დეკემბრიდან დავიწყე, როცა ტექნოპარკმა გამოაცხადა კონკურსი „დაიწყე ბიზნესი ჰაბლაბთან ერთად“. პარალელურად მოვიძიე სპონსორიც, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომლის დახმარებითაც დაახლოებით 500 ლარის მასალა შევიძინე.“- აღნიშნავს გოგა ოთინაშვილი.
„საგოს“ სათამაშოების შეძენა ონლაინ შეკვეთებით ხდება, ხოლო სპინერები უკვე თბილისის რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, რომელთა ფასები 7 ლარიდან იწყება.
ამჟამად გოგა ოთინაშვილი ძრავიან ხის ავტომობილზეც მუშაობს, რომელიც თითქმის უკვე დასრულების პროცესშია და საზოგადოების წინაშე დაახლოებით ორ თვეში წარსდგება. „საგოს“ ავტომობილის თვითღირებულება 800 ლარს შეადგენს.
„მიზნის მიღწევამდე ბევრი სირთულეების გადალახვა მომიწია, თუმცა მთავარია ენერგია არ დავიშუროთ ჩანაფიქრის ასასრულებლად და ყველაფერი გამოვა“. - ასე მიაჩნია გოგა ოთინაშვილს და თანატოლებსაც იგივეს ურჩევს. იგი ამჟამად აბიტურიენტია და სწავლის გაგრძელებას ბიზნესის მიმართულებით გეგმავს.