ბაზარზე ქართული წარმოების "კენგურუ", ე.წ. სლინგი - "ბაღანა" გამოჩნდა. კომპანიამ ბავშვის ჩასასმელების გაყიდვა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
იდეის ავტორი და კომპანიის ხელმძღვანელი თინათინ გახოკიძე "საქმის კურსთან" ამბობს, რომ ქართული წარმოების ბავშვის ჩასასმელი ამერიკულ და ევროპულ ანალოგებს ხარისხით არ ჩამოუვარდება, ფასი კი ბევრად დაბალია. როგორც მწარმოებელი ამბობს, სლინგი კენგურუზე ბევრად კომფორტული და იაფია. მისი მთავარი კოზირი ის არის, რომ ბავშვთან ერთად გადაადგილება უფრო მარტივია, ამასთან სიმძიმე მთელს სხეულზე ნაწილდება, რის გამოც პროცესი ნაკლებად დამღლელია.
"ბაღანა" 0-დან 2- წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. პროდუტი თურქეთიდან ჩამოტანილი ქსოვილებით თბილისში იკერება და ამჟამად მხოლოდ Facebook-ის მეშვეობით იყიდება. სამომავლოდ, კომპანია ვებ-გვერდის შექმნასაც აპირებს.
"ერთი წლის წინ მე თვითონ გავხდი დედა და დამჭირდა საშუალება, რომლითაც კომფორტულად გადავადგილდებოდი. სამწუხაროდ, ქალაქში ეტლისთვის საკმარისი ინფრასტრუქტურა არ არის, ამიტომ დავიწყე სხვა საშუალებების მოძიება. კენგურუც შევიძინე, რომელიც საბოლოოდ, არაკომფორტული იყო. ამიტომ დავიწყე ალტერნატიულ საშუალებებზე ფიქრი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს მირჩია სლინგი, რომლის გამოყენება გავრცელებული პრაქტიკაა ამერიკასა და ევროპაში.
როგორც კი დავიწყე სლინგის მოხმარება, მივხვდი, რომ ეს ნებისმიერ ქართველ მშობელს გაუმარტივებდა ცხოვრებას. გადავწყვიტე, საქართველოში აუცილებლად შემომეტანა პროდუქტი. თუმცა, ევროპული და ამერიკული ანალოგები საკმაოდ ძვირი იყო, ამიტომ საბოლოოდ ჩემით წარმოებაზე ჩამოვყალიბდი",- აცხადებს თინათინ გახოკიძე.
"ბაღანას" შემქნელებმა სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით პროდუქციის წარმოება წეროვანის სამკერვალო ფაბრიკაში დაიწყეს, თუმცა, პროდუქციის თვითღირებულების შემცირების მიზნით დროებით ამ მიმართულებაზეც უარი თქვეს.
"ტრანსპორტირების გამო იზრდებოდა თვითღირებულება, ამიტომ დროებით შევწყვიტეთ მათთან ურთიერთობა",- აცხადებს თინათინ გახოკიძე.
კომპანია აპირებს, რომ სამომავლოდ პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს, თუმცა, ეს შედარებით შორეული პერსპექტივაა.
"ბაღანა" მხოლოდ ამ მიმართულებაზე გაჩერებას არ აპირებს. თინათინ გახოკიძის თქმით, მათი მიზანია, ბავშვთან ურთიერთობა ნაკლებად დამღლელი და სახალისო გახდეს, ამიტომ აპირებენ, თბილისში სპეციალური სივრცეების გახსნას, რომელიც 0-დან 2- წლამდე ბავშვებსა და მშობლებს გართობის საშუალებას მისცემს. ამასთან, საწარმო სოციალური მიმართულებით განვითარდება და შექმნის სამუშაო სივრცეს, რომელიც მშობლებს დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს.
"უნდა შევქმნათ სპეციალური სივრცეები, სადაც ბავშვები და მშობლები გაატარებენ მეტ დროს ერთად. 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თითქმის არანაირი აქტივობა არ არსებობს თბილისში. მშობელს დიდი სირთულეების გადალახვა უწევს იმისთვის, რომ ბავშვი სადმე წაიყვანოს სახლისა და ნათესავის გარდა",- ამბობს თინათინ გახოკიძე.