ბაზარზე საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანია "ესა-მესა" გამოჩნდა.
დაახლოებით 2 კვირაა კომპანია მსურველებს სხვადასხვა სახის საბავშვო ავეჯს სთავაზობს. საუბარია - სკამებზე, კარადებზე, საკიდებზე, თაროებსა და სხვა ნივთებზე.
კომპანიის დამფუძნებელი ნინი ჭანიძეა, რომელმაც ამ სფეროში მუშაობა 6 თვის წინ პარტნიორთან ერთად დაიწყო, მოგვიანებით კი „ესა-მესას“ ჩამოყალიბება დამოუკიდებლად გადაწყვიტა.
კომპანია მუშაობს როგორც ინდივიდუალურ, ისევე კორპორატიულ დაკვეთებზეც. საბავშვო ავეჯით ბავშვთა გასართობი ცენტრები და საბავშვო ბაღები ინტერესდებიან.
"მე თვითონ მყავს ბავშვი და ვერ ვპოულობდი განსხვავებულ ნივთებს, როგორიც მე მჭირდებოდა. ჯერ იდეა ჩამოყალიბდა, ნელ-ნელა კი მისი განხორციელებაც დავიწყე",- ამბობს ნინი ჭანიძე.
პროდუქცია ამჟამად მხოლოდ ინტერნეტით იყიდება, თუმცა, ახალი წლის შემდეგ „ესა-მესას“ მაღაზია ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაიხსნება.