Home
Category
TV Live Menu

ბიუჯეტი 2018: მთავრობა გადასახადებიდან ნაკლები თანხის მიღებას ელოდება

59d1ec8d333a2
BM.GE
02.10.17 11:38
1169
მთავრობა 2018 წელს გადასახადებიდან ნაკლები თანხის მიღებას ელოდება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საგადასახადო შემოსავლები 9 მილიარდ 470 მილიონი ლარია, როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9 მილიარდ 489 მილიონს შეადგენდა.

ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა ნაკლებ თანხას ელოდება აქციზის, მოგების გადასახადის, იმპორტის გადასახადისა და გრანტების მიმართულებით.
ზრდაა საშემოსავლო, დამატებული ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების მიმართულებით.

აქციზის გადასახადიდან მთავრობა მილიარდ 450 მილიონი ლარის მობილიზებას ელოდება, როდესაც 2017 წელს ეს მაჩვენებელი მილიარდ 627 მილიონი ლარი იყო, ანუ 177 მილიონი ლარით მეტი.

მოგების გადასახადიდან 2018 წელს ბიუჯეტში 630 მილიონი ლარის შესვლაა პროგნოზირებული, 2017 წლის გეგმა კი 681 მილიონი ლარია.
რაც შეეხება იმპორტის გადასახადს, სადაც ასევე კლება ფიქსირდება, 2018 წლის პროგნოზით, 60 მილიონი ლარი უნდა შევიდეს ბიუჯეტში, როდესაც 2017 წლის მაჩვენებელი 76 მილიონი ლარი იყო.

გრანტების მიმართულებითაც მთავრობა მომავალ წელს კლებას ელოდება. 2018 წელს ეს მუხლი 265 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, როდესაც 2017 წელს 284,5 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება იმ მიმართულებებს, სადაც მთავრობა მომავალ წელს შემოსავლების ზრდას ელოდება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, 210 მილიონი ლარით მეტი უნდა მიიღოს ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის მიმართულებით და თანხამ 2 მილიარდ 780 მილიონი ლარი უნდა შეადგინოს, განსხვავებით 2017 წლის მონაცემისგან, როდესაც საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 მილიარდ 570.0 მლნ ლარით.
მატებაა დღგ-ს მიმართულებითაც, 2018 წლის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 390.0 მლნ ლარით, გასულ წელს კი ეს თანხა 3 779.0 მლნ ლარს შეადგენდა.

მთავრობა მატებას ელოდება სხვა გადასახადის მიმართულებითაც, ბიუჯეტის პროექტით, ამ კუთხით 160 მილიონი ლარი უნდა შევიდეს ბიუჯეტში, ნაცვლად 87 მილიონი ლარისა, რომელიც მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day