Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ბიუჯეტი2021 - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროა

BM.GE
01.10.20 18:40
819
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საჯარო გახდა - მთავრობა მომდევნო წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა. 2021 წლის ბიუჯეტით მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს. 2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 9 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის კი, საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი. პარლამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებშია დაგეგმილი. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა დამატებით 2.1 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. შედარებისთვის 2020 წელს ახალი საგარეო ვალის აღებით მიღებული შემოსავალი 6.2 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. შიდა ვალის სახით კი მთავრობა 1 მილიარდი ლარის მოზიდვას გეგმავს, რაც 2020 წლის შიდა ვალის გეგმასთან შედარებით 850 მილიონი ლარით ნაკლებია. ამასთან, ბიუჯეტის თანახმად, იზრდება ვალის მომსახურების საფასური, რაც 2.6 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ჯამურად, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 5.1%-ს მიაღწევს.

Subscribe to our news

Get the main news of the day