საპოლიციო გამოსახლების კანონისა და ლუდზე აქციზის გადასახადის გადახედვა, კომუნიკაცია ბიზნესთან და ბიუროკრატიის შემცირება - ეს ის საკითხებია, რომლის მოგვარებასაც ბიზნესი მომავალ ხელისუფლებას ურჩევს.
"ბიზნესკონტრაქტის“ მეშვეობით კერძო სექტორის წარმომადგენლები მომავალ პარლამენტს მიმართავენ და მმართველობის პირველი წლის განმავლობაში აქცენტების კონკრეტულ კანონპროექტებზე გამახვილებას ურჩევენ:
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ იურისტი ნიკა ნანუაშვილი: პირველი რეკომენდაცია რჩევა, თხოვნა, ეს არის საკითხი ე.წ. საპოლიციო გამოსახლების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციას“ საკონსტიტუციო სარჩელიც აქვს შეტანილი საბანკო ასოციაციასთან და ფიზიკურ პირთან ერთად. ეს არის პრობლემა, რომელიც აწუხებს არამხოლოდ ბიზნესს, არამედ აწუხებს და ეხება ნებისმიერ მოქალაქეს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ კანონზე „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც ცვლილებებს საჭიროებს. ეს კანონპროექტი უკვე დიდი ხანია მზადდება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში იხილავს საჯარო სივრცეს. ერთ-ერთ პირველი პროექტი ალბათ ეს იქნება, რისი განხილვაც პარლამენტს მოუწევს.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში, აუცილებელია ნებისმიერ საკანონმდებლო პროექტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ბიზნესს, გაკეთდეს რეგულაციის შეფასების ანალიზი. ჩვენ წინასწარ აუცილებლად უნდა შევაფასოთ, ესა თუ ის რეგულაცია რა გავლენას მოახდენს არამხოლოდ ბიზნესზე, არამედ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.
კომპანია "კასტელის" ხელმძღვანელი ლევან ზაუტაშვილი: საკითხი, რომელიც თითოეულ ჩემს კოლეგას, თითოეულ ლუდის მწარმოებელს აფიქრებს და ადარდებს, არის აქციზის საკითხი. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ბოლომდე მივიდეს ეს საკითხი. ძალიან დიდია ის თანხა, რომელიც პირდაპირ ჩვენი კომპანიების ბიუჯეტიდან გავიდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმამრთულებით. ბაზარი არ გაიზარდა, ჩვენი შემოსავლებიც დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა მიმდინარე წელს, მიუხედავად ამისა, გადასახადი, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ აღმოჩნდა ძალიან მაღალი. იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაცია მიმდინარე წელს აქტიური იყო, იყო მრავალი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ გადაეხედათ და შეეცვალათ აქციზი, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ვერ მოესწრო.
შპს "გრანდი“ ივა ჭყონია: შემიძლია ვუთხრა მომავალ პარლამენტს, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ ბიზნესთან, უფრო მეტად დაუჯერონ და ვიდრე რიგ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ცვლილებებს შეიტანენ კანონში, ჯობია, რომ ჩვენთან კონსულტაციები გაიარონ და ბიზნესი მოარგონ ბიზნესს და არა პირიქით, როგორც ხდება ძირითადად. ჯობია, მეტი კონსულტაცია გაიარონ და შემდეგ მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები, რათა მძიმე ტვირთად არ დააწვეს ბიზნესს. მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ბიზნესი წნეხისგან გავათავისუფლეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამით აყვავდება. გვერდში დგომა უნდა ბიზნესს და არა წნეხისგან გათავისუფლება. წნეხის ქვეშ ბიზნესი არც არასდროს არ უნდა იყოს და არც უნდა იამაყოს ამით ვინმემ, რომ ბიზნესი წნეხისგან გაათავისუფლა.
„არსის“ ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე: ჩემი კომენტარი იქნება უფრო მენაშენეთა კუთხით და არა ზოგადი. ზოგადი არის ის, რომ მოგების გადასახადის გაუმქმება ძალიან მნიშნელოვანია და ეს ბოლომდე უნდა მივიდეს. რაც შეეხება დეველოპერების კუთხით, დღგ-ს ამნისტია, რომელიც მშენებლებს გაუკეთეს, რომლებიც 2008 წლის ომის გამო კრიზისში იყვნენ, ეს ბოლომდე უნდა მივიდეს. სულ ერთია ვინ განახორციელებს ამას, ეს უნდა განხორციელდეს და ბოლომდე უნდა მივიდეს, რადგან ყოველთვის არის ხოლმე პატარა ბიუროკრატიული ბარიერები. ასევე, კარგი იქნება სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან, რომ ბიუროკრატია მცირდებოდეს.