"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანია "ფილიპ მორისის“ სასამართლო საქმის განხილვა, შესაძლოა, არაობიექტურად და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით წარიმართა, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართვლოს“ წარმომადგენელი გია გვილავა საუბრობს.
-ლეგიტიმური კითხვები ჩნდება, რა აჩენს ამ კითხვებს?
-ყველაზე მთავარი ის დასაბუთებაა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ახლავს, რომელიც მასშია მოყვანილი. სამწუხაროდ, მთელი რიგი არგუმენტები, რომელიც მასშია მოყვანილი სრულყოფილი არ არის და გადაწყვეტილებაში იმაზე მეტი თანხებია დაკისრებული. აქ მთავარი გადაწყვეტილება და ის დასაბუთებაა, რომელიც მას ახლავს და ეს პირველია, რამაც ეჭვი გააჩინა, თორემ ზოგადად სხვადასხვა ბიზნესასოციაციებში საუბარია იმაზე, რომ სასამართლოში შეიძლება კორუფცია იყოს და დიდი უკმაყოფილებაა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენების მხრიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ მსგავს საქმეებს დავაკვირდეთ, მაგრამ ’’ფილიპ მორისი“ პირველია, რომელმაც განცხადება საჯაროდ გააკეთა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, რომ ანალიზიც წარმოგვედგინა.
- რა ბუნდოვანებებს და კონკრეტულ შენიშვნებს გამოყოფდით და გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი ვინ უნდა გასცეს?
-სასამართლომ დაადგინა, რომ კონკურენციის შესახებ კანონი დარღვეულია, ანუ ’’ფილიპ მორისს“ დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა და მან ეს ბოროტად გამოიყენა. თუმცა, როდესაც დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრა ხდება, აქ ეკონომიკური დასკვნებია საჭირო, კომპანიას ბაზრის რა წილი ჰქონდა და ა.შ. ამ ნაწილში კი დასაბუთება ძალიან სუსტად იყო მოყვანილი და როგორც წესი, ამ დროს კონკურენციის სააგენტოს დასკვნას ეყრდნობიან ხოლმე, რომელიც სასამართლომ არ მიიღო და ეს ძალიან საეჭვოა. რატომ შეიძლება სპეციალიზირებული ორგანოს დასკვნა არ მიეღოთ, რომელიც საუბრობს, რომ ბაზარზე პრობლემა არ არის. თანხები, რომელიც სასამართლომ კომპანიას დააკისრა ძალიან დაუსაბუთებელია. მაგალითად, მიუღებელი ზიანის სახით, სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევა მუდმივად მიმდინარეობს და მომდევნო ათი წლის განმავლობაში რა ზიანი შეიძლებოდა კომპანიას მიეღო ის დათვალა და ’’ფილიპ მორისს“ მისი გადახდა დააკისრა. ეს ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, რადგან ამის დასაბუთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხვალ რას იზამს ’’ფილიპ მორისი“ და ბაზარზე რა მდგომარეობა იქნება ეს სასამართლომ შეუძლებელია იცოდეს. 10 წელზე ამის გათვლა ძალიან არაარგუმენტირებულია. ჩვენ არ გვაინტერესებს კერძო დავაში მართალი ვინ არის. ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო. შესაძლოა ნებისმიერი საქმე იყოს მართალი, ეს ჩვენი საქმე არ არის. აქ საუბარია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
-რა ქმედებებს ელით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან, ან მთავრობის მხრიდან?
-აქ ყველაზე დიდი პრობლემა იქმნება ქვეყნის იმიჯისთვის, რადგან "ფილიპ მორისი“ გლობალური კომპანიაა და ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ გადის. როდესაც ამგვარი არასტაბილურობის შესახებ გადის ინფორმაცია, ეს უკიდურესად მძიმე პრობლემაა. მე არ მიმაჩნია, რომ მთლიანად სასამართლო და მთელი მისი ინსტანცია უნდა ავიღოთ და ყველა ერთად უნდა ვაკრიტიკოთ იმის გამო, რომ ერთმა მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ყველაზე ეფექტური მექანიზმი შესაძლოა სააპელაციო სასამართლო იყოს. ვინაიდან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და პროცედურული დარღვევები იყო, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იუსტიციის საბჭოში იციან, რადგან ამაზე ბევრი ადვოკატი და ბიზნეს ორგანიზაცია საუბრობს. ჩემი აზრით, ზომები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ გამოიკვლიონ ხომ არ არის აქ სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტი, ან კორუფციული გეგმები, რადგან არსებობს უამრავი ჭორი და ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის შესწავლას, რომ კერძო დავებში გარკვეული ჯგუფები არსებობს, რომლებიც სასამართლოსთან თანამშრომლობენ და არიან გარკვეული მოსამართლეები, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ სავარაუდოდ ფულის სანაცვლოდ. ამის დამტკიცება ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, თუმცა ვედებით აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად გამოვიკვლიოთ. აქ ორი კომპანიის დავა არ არის მნიშვნელოვანი, აქ მნიშვნელოვანია რა მდგომარეობაშია ჩვენი სასამართლოს სისტემა, რომელიც ჯერ ბიზნესს უქმნის პრობლემას და მერე მთელ ქვეყანას. დიდ კომპანიებს, როგორც წესი უპირველესად, აინტერესებთ თუ რა პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში, თუ კორუმპირებული ქვეყანა ხარ, სადაც სპეციალური მეთოდები არსებობს და თუ სტაბილურობას ვერ ინარჩუნებ, ეს ინფორმაცია ძალიან მალე გავა ქვეყნის გარეთ და ჩვენ შემთხვევაში უკვე გასულიც არის და ის კომპანიები და პირები, რომლებსაც ინვესტიციის ჩადება სურთ, ბუნებრივია, ამგვარი გარემოს მქონე ქვეყნით არ დაინტერესდებიან. პირველი სასამართლოა, რასაც უცხოელი ინვესტორები კითხულობენ ხოლმე, რამდენად დამოუკიდებელი და ეფექტური სისტემაა.