Home
Category
TV Live Menu

ბიზნესი 2017 წლისთვის ხელისუფლების მთავარ გამოწვევებს ასახელებს

585ceca58cdb7
სალომე მეცხვარიშვილი
26.12.16 09:40
1657
ლარის კურსი, გადასახადების შემცირება და ინვესტიციების მოზიდვა - ეს ის საკითხებია, რომლებიც ბიზნესმა 2017 წელს ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევებად დაასახელა.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" საინვესტიციო ფონდ “მწვანე კაპიტალის” ხელმძღვანელმა გივი კორინთელმა განუცხადა, მომავალ წელს მთავრობისთვის მთავარი გამოწვევები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის მაჩვენებელის ზრდა და შიდა ინვესტიციების განხორციელება უნდა იყოს. კორინთელი მიიჩნევს, რომ ძირითადი სტიმულირება მაინც გადასახადების დაწევის გზით უნდა მოხდეს.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და მომავალ წელს ტურისტების რიცხვი მინიმუმ უნდა შეინარჩუნოს ან 5%-7%-ით გაზარდოს.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ამ მიმართულებით მთავრობის აქტივობა მხოლოდ ბიზნესის სტიმულირება უნდა იყოს და მთავრობის ჩართვა FDI-ის მოზიდვაში აუცილებელი არ არის.

"ბიზნესის სტიმულირება ხდება გადასახადების დაწევით, თვითონ ბიზნესს გაუჩნდეს იმდენი საშუალება, რომ თვითონ მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. როდესაც მთავრობა ფიქრობს, თავად მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, ყოველვის უფრო რთულია ხოლმე ეს",- აცხადებს გივი კორინთელი.

მისივე თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში მთავარი მაინც გადასახადებია. რაც შეეხება შიდა ინვესტიციების სტიმულირებას, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები ერთი მხრივ, არაფექტური, მეორე მხრივ კი მცირე რაოდენობისაა.

არაეფექტურ პროგრამად კორინთელი აგრობიზნესის დაფინანსებას მიიჩნევს და აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს მშპ-ში მნიშვნელოვანი წლის დაკავებას ვერასდროს შეძლებს. რაც შეეხება პროექტს "აწარმოე საქართველოში", კორინთელი აცხადებს, რომ ეს ზღვაში წვეთია.

"სახელმწიფომ უნდა ხარჯოს თანხები უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ფულის სწრაფი ბრუნვაა საჭირო იმისთვის, რომ იზრდებოდეს ეკონომიკა. დღევანელ დღეს არსებული ბიუროკრატიული პროცესები და სიფრთხილე, ხელს უშლის ამას",- აცხადებს კორინთელი.

კომპანია „ნატახტარის“ კომერციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მთავარ გამოწვევად ლარის კურსის სტაბილურობას ასახელებს.

მისი თქმით, ბიზნესი არ საუბრობს, თუ რომელ კონკრეტულ ნიშნულზე უნდა გაჩერდეს ლარი, თუმცა, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება აუცილებელია.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომელიმე ნიშნულზე, ვსაუბრობთ უბრალოდ დასტაბილურებაზე, რომ რყევები არ იყოს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ზოგადად ჩვენი ინდუსტრიისთვის, რომ ამან ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკის ზრდას. ამასთან, მთავრობა უნდა მიყვეს ასოცირების დღის წერიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას",- აცხადებს ხუნძაკიშვილი.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები მაქსიმალურ დონეზე შეასრულოს და გადამეტებული ვალდებულებები აიღოს საკუთარ თავზე, მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რეფორმები უფრო უმტკივნეულოდ განხორციელდეს და საქართველომ მინიმალური ზღვრები აიღოს(გამოიყენოს ის შუალედი, რომელიც არსებობს ვალდებულების მინიმალურ ან მაქსიმალურ დონეზე შესასრულებლად).

კომპანია Colliers International-ის ხელმძღვანელი ირაკლი კილაურიძე კი მთავარ გამოწვევებზე საუბრისას, სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს.

მისი თქმით, 2017 წელს მთავარია, ხელისუფლებამ უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, ლარის კურსის სტაბილურობა და რეგულაციების შემცირება, რომელიც ბიზნესის განვითარებას, შესაბამისად, ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.


Subscribe to our news

Get the main news of the day